მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fitch-ი თითქოს არგუმენტებს ასახელებს, რატომ არ გააკეთეს უარესი შეფასება [საქართველოზე] - შეფასება

ალექსანდრე მარგიშვილი

„Fitch-ის ანგარიშს [საქართველოზე] კარგად თუ დავუკვირდებით, თითქოს ისინი არგუმენტებს ასახელებენ, რატომ არ გააკეთეს უარესი შეფასება“ - ასე გამოეხმაურა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Kudos Georgia-ს გენდირექტორი და პარტნიორი სარეიტინგო სააგენტოს უახლეს ანგარიშს.

საქმე ის არის, რომ Fitch-მა საქართველოს სუვრენული რეიტინგი - BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა „ნეგატიურზე“ დატოვა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივნისიდან მოყოლებული, სარეიტინგო სააგენტომ პერსპექტივა - „პოზიტიურიდან“, ჯერ „სტაბილურამდე“ შეგვიმცირა, ხოლო შარშან დეკემბერში - „ნეგატიურამდე“.

ალექსანდრე მარგიშვილი უახლოეს მომავალში საქართველოს რეიტინგის გაუარესებას არ ელოდება, მაგრამ არც გაუმჯობესების მოლოდინი აქვს.

- ვფიქრობ, „ნეგატიური“ პერსპექტივის შენარჩუნება განპირობებულია ანალიტიკოსების მხრიდან სამომავლო პროგნოზების გაკეთების სირთულით, რაც არაა გასაკვირი. ანალიტიკოსებიც, ვინც რეალურ ეკონომიკას ვაკვირდებით, მეტწილად გაურკვევლობაში ვართ და გაურკვევლობა კი, უფრო მეტად ნეგატივის შემცვლელია, ვიდრე - პოზიტივის. ფართო გაგებით, ჩვენს ეკონომიკაში, რომ არსებობდეს ერთიანი სტრატეგიული ხაზი და ეკონომიკას [სახელმწიფოს] გაცხადებული რომ ჰქონდეს, სად მივდივართ და რა რესურსებს გამოვიყენებთ ამისთვის, ალბათ მოლოდინიც არ იქნებოდა ნეგატიური...

- კიდევ რა ამოიკითხეთ Fitch-ის მიმოხილვიდან?

- Fitch-ის ანგარიშს [საქართველოზე] კარგად თუ დავუკვირდებით, თითქოს არგუმენტებს ასახელებენ, რატომ არ გააკეთეს უარესი შეფასება; ისინი თითქოს მიზეზებს ხსნიან, რატომ არ შეამცირეს რეიტინგი BB-ის ქვემოთ, როცა ამის მოლოდინი არსებობდა და არგუმენტებად მოჰყავთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური დისციპლინა. მეორე მხრივ, ზოგჯერ სარეიტინგო სააგენტო თვლის, რომ სამომავლოდ შეიძლება გაუარესდეს შეფასება და ახლა ამბობენ არგუმენტებს, რომელზედაც შემდეგ იტყვიან, რომ ამ არგუმენტებმა ძალა დაკარგეს...

- მოკლედ, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აღმოჩნდა საკმარისი, პერსპექტივის „ნეგატიურიდან“ „სტაბილურზე“ დაბრუნებისთვის?

- სამომავლო პროგნოზების გაკეთება რთულია; ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში სიცხადე საკმაოდ დაბალია - უფრო ბუნდოვანებაა, ვიდრე სიცხადე და ასეთ გარემოებაში ძალიან ძნელია იყოს პოზიტიური სურათი. საით აპირებს ქვეყანა წასვლას - არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით არის აუცილებელი პირობა, რომ მოლოდინი იყოს პოზიტიური, რადგან შემდეგ უკვე Fitch-ს მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ არ გამართლდა მათი მოლოდინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები