სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ისრაელის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, სააგენტომ ქვეყნის რეიტინგი "A-plus"-დან "A"-მდე შეამცირა, ხოლო პროგნოზი ნეგატიურზე დატოვა.
"ჩვენი მოსაზრებით, ღაზას სექტორში კონფლიქტი 2025 წელსაც გაგრძელდება, არსებობს რისკები, რომ კონფლიქტი სხვა ფრონტებზეც გაფართოვდეს", - განაცხადეს სარეიტინგო სააგენტოში.
"რეიტინგის შემცირება ომიდან და მისგან გამოწვეული სხვა გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ბუნებრივია", - აღნიშნა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ესკალაციის საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე კვირის წინ ირანში "ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანიე, ხოლო ბეირუთში "ჰეზბოლას" სამხედრო ლიდერი ფუად შუკრი მოკლეს.
რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ისრაელის ეროვნული ვალუტა შეკელი დოლართან მიმართებით, ორშაბათის მონაცემებით, 1.7%-ით გაუფასურდა. Fitch-ის განცხადებით, ისრაელსა და ირანს და მის მოკავშირეებს შორის ვითარების დაძაბვამ, შესაძლოა, დამატებით დააზარალოს ისრაელში საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური აქტივობა. სარეიტინგო სააგენტო ელოდება, რომ ისრაელი გაზრდის სამხედრო დანახარჯებს მშპ-სთან მიმართებით 1.5%-მდე, ვინაიდან ქვეყანა სასაზღვრო თავდაცვას აძლიერებს.