ფინანსისტი ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ Fitch-მა საქართველოს პოზიტიური საკრედიტო რეიტინგი ერთგვარი ავანსის სახით მისცა. მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
ვასილ რევიშვილის შეფასებით, ეს ქვეყნისთვის იმის საშუალების მიცემაა, რომ მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების შედეგები და პოლიტიკური გარემო გააუმჯობესოს.
"მე ვფიქრობ, ეს არის ავანსი ქვეყნისათვის და იმის საშუალების მიცემა, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები გაუმჯობესდეს. გამოდის, რომ ავანსის სახით მოგვცეს პოზიტიური რეიტინგი, გამომდინარე ციფრებიდან [ეკონომიკური მაჩვენებლებიდან], რომელიც მართალია თუ ტყუილია, ამას არ ჩავუღრმავდები. შეფასებაში მოყვანილია რეპლიკა პოლიტიკურ სიტუაციაზე. ამ ყველაფერს უყურებენ, შესაბამისად, რეიტინგი არ გაიზარდა, თუმცა გარკვეულწილად ავანსი მოგვცეს, შესაბამისად, გვაძლევენ საშუალებას გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც შეიძლება, რომ რეალური გავლენა ჰქონდეს ამას ყველაფერს ობლიგაციის სარგებელზე. როგორც კი გადავალთ საინვესტიციო რეიტინგში, მნიშვნელოვნად დაეცემა სპრედი - განსხვავება ამერიკის შეერთებული შტატების ანალოგიური ვადიანობის ბონდებსა და ჩვენს ბონდებს შორის. შესაბამისად, ბურთი ახლა ჩვენს კორტზეა - უნდა გამოვასწოროთ ის, რაც გამოსასწორებელია - პოლიტიკური სიტუაცია. მინიშნება იყო მმართველობაზე [მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებზე], რომ კორელაციაში არაა ეკონომიკურ ზრდასთან, მაგრამ კორელაციაშია სამაგიეროდ რეიტინგთან", - ამბობს ფინანსისტი.
30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
























