საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ საქართველოს ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB –‘’-დან „BB“ დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-'’დან „bb’’- მდე გაზარდა. ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ“ ნიშნულზე შენარჩუნდა.
„Fitch Ratings“-ის განცხადებით, საქართველოს ბანკის საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილით, რაც დასტურდება საქართველოს ბანკის მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით.
"უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და შემდგომში დაწესებული ეკონომიკური სანქციები საქართველოზე მნიშვნელოვანი ზომის პოზიტიურ ეკონომიკურ შოკში აისახა, რაც ქვეყანას მიგრაციის და ფულადი გზავნილების არხებით გადმოეცა. ამას დაემატა ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა და ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნა. ამ ფაქტორებმა 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაზარდეს, 2023 წელს კი ზრდა სავარაუდოდ 4.5%-ზე ნორმალიზდება. ჩვენი პროგნოზით, ეს ყველაფერი საბანკო სექტორის შემოსავლებსა და აქტივების ხარისხზე დადებითად აისახება.
საქართველოს ბანკი საქართველოს ორ უმსხვილეს ბანკს შორის ერთ-ერთია და შესაბამისად, მას გააჩნია მნიშვნელოვანი საფასო ძალაუფლება. საქართველოს ბანკი წარმოადგენს უნივერსალური მოდელის საბანკო დაწესებულებას, რომელიც ემსახურება კორპორაციებს, შინამეურნეობებს, საშუალო ბიზნესსა და მცირე მეწარმეებს. ბანკის დაფინანსების ძირითადი წყაროა სადეპოზიტო პორტფელი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მოზიდული შეღავათიანი ფინანსური რესურსები,"- ნათქვამია Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.