საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი “BB მინუს” დონეზე შეინარჩუნა - ამის შესახებ Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, უცვლელია საკრედიტო რეიტინგის მოლოდინიც და ის კვლავ “პოზიტიურია”.
Fitch-ის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესებულია.Fitch-ის ანგარიშში კომპანია შეფასებულია როგორც მსხვილი სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც ხელისუფლების მიმართ დაქვემდებარების გარკვეულ დონეს კვლავ ინარჩუნებს, თუმცა Fitch-ი მიუთითებს, რომ კომპანიის ფასდადება სახელმწიფოლებო რეგულირებით არ არის განსაზღვრული. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია ხელისუფლებასთან მართავს მოლაპარაკებებს სამგზავრო გადაყვანების პირდაპირი სუბსიდირების დაწყების შესახებ, რაც კომპანიისთვის წლიდან წლამდე წამგებიან საქმიანობად ნარჩუნდება, თუმცა ამ მხრივ გადაწყვეტილება მიღებული არაა.
არსებული მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზას 2023 წლის 9 თვის ფინანსურ შედეგები აქვს გასაჯაროებული. აღნიშნული პერიოდი კომპანიამ 102 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში რკინიგზის შემოსავალი 481 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით ნაკლებია, ხოლო წმინდა მოგებამ 102.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 176 მილიონი ლარით ნაკლებია.
წმინდა მოგების შემცირების მიზეზია ის გარემოება, რომ გასულ წელს ეროვნული ვალუტა გამყარდა, რამაც რკინიგზის მთლიანი ვალის მოცულობა ლარებში შეამცირა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 126.5 მილიონი ლარის შემოსავლად აისახა. შესაბამისად გასული წლის 9 თვის 278-მილიონიანი მოგების მნიშვნელოვანი მდგენელი საკურსო სხვაობით მიღებული მოგება იყო, წელს კი ასეთი დინამიკა აღარ დაფიქსირებულა. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის მოგება ძირითადად საოპერაციო მოგებას ასახავს და არა ფინანსურ შემოსავალს+საოპერაციო მოგებას.
საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის 481 მილიონიანი შემოსავალი შემდეგი წყაროებისგან შედგება:
- სარკინიგზო გადაზიდვები - 261.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 33 მლნ ლარი;
- ტვირთის მომსახურება - 63 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 3 მლნ ლარი;
- ლოგისტიკური სერვისები - 105 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 12 მლნ ლარი;
- ვაგონების ტრანს-სასაზღვრო მომსახურების მოსაკრებელი - 11.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 6 მლნ ლარი;
- ვაგონების გაქირავება - 3.1 მილიონი ლარი, კლება 1.3 მლნ ლარი;
- სამგზავრო გადაყვანები - 33 მილიონი ლარი, ზრდა 13 მლნ ლარი;
- სხვა - 4 მილიონი ლარი, კლება 3 მლნ ლარი;
- მთლიანი შემოსავალი - 481 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 10 მილიონი ლარი.
რკინიგზის საოპერაციო შემოსავლის კლების მიუხედავად, გაზრდილია კომპანიის სახელფასო დანახარჯი მასში დასაქმებული 12 ათასი პირის ხელფასებზე 175.7 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 31 მილიონი ლარით მეტია.
რკინიგზის აქტივების ზომაა 2.5 მილიარდი ლარი, ხოლო ვალდებულებებია 1.4 მილიარდი ლარი. მათ შორის ვალდებულებებში უმსხვილესია 2021 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7-წლიანი ევრობონდები, რომელიც კომპანიამ 2028 წელს უნდა დაფაროს.