მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

64bd20f640762
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.23 15:35
744
გთავაზობთ გასული კვირის (17-23 ივლისის) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს

1) IMF-ი შეისწავლის რა ზეგავლენა ექნება სებ-ის კანონში შესულ ცვლილებებს ფონდის მიმდინარე პროგრამაზე:

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეისწავლის თუ რა ზეგავლენა ექნება საქართველოს მიერ სებ-ის კანონში მათთან შეუთანხმებლად მიღებულ ცვლილებებს ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობაზე - ამის შესახებ ფონდის მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. IMF-ის მიმდინარე სამწლიანი პროგრამით ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება რომ პროგრამის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით არ განახორციელებდა ისეთ საკანომდებლო ცვლილებებს, რომლებიც ფონდთან არ იქნებოდა შეთანხმებული, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის გაჩენა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენდა. სრულად განცხადება იხილეთ ბმულზე

2) სავალუტო ფონდი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების რეკომენდაციით გამოდის:

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ხელისუფლებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ფონდის მისიის მიერ პარასკევს გავრეცელბულ განცხადებაში არის ნათქვამი. 

"უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

3) Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნა:

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა. Fitch-მა რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ "პოზიტიურია". ამასთან ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან - 4.5%-თან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით მეტია. 

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ტურიზმის შემოსავლების, ასევე მიგრანტების დანახარჯებისა და გზავნილების მატების გათვალისწინებით, ქართულ ლარს პირველი კვარტლის განმავლობაში გამყარების მნიშვნელოვანი ტენდენცია ჰქონდა, რამაც 13% შეადგინა. 

4) ტურიზმის სტატისტიკა - 6 თვე

2023 წლის პირველ ნახევარში 2,529,517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. ასეთი ზრდის მიუხედავად ტურიზმის სექტორი მაინც მიუთითებს, რომ რეალური ვიზიტორების ნაკადი პანდემიამდელ დონესთან შედარებით შემცირებულია და ასეც არის, რადგანაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

ქვეყნების მიხედვით პირველი ხუთეული ასე ნაწილდება:

1) თურქეთი - 582 527 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 122%;
2) რუსეთი - 577 632 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 134%;
3) სომხეთი - 397 116 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 103%;
4) ისრაელი - 106 530 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 26%;
5) აზერბაიჯანი - 85 777 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 29%.

5) ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს რეფერენტული ფასების მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებს

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა - ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.

"საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია."- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

6) საქართველოს ექსპორტმა წელს $3 მილიარდს გადააჭარბა

2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში $3 მილიარდის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით #1 ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს, რამაც წლის პირველ ნახევარში 990 მილიონ დოლარს მიაღწია, შესაბამისად ვაჭრობის ერთი მესამედი სწორედ ავტომობილებზე მოდის.წლიურ ჭრილში ამ საქონლის ექსპორტი 267%-ით არის გაზრდილი. $341 მილიონით მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც წლიურ ჭრილში 36%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი გაზრდილია ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა დასახელებების საქონლის ექსპორტი.

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიოონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია. რაც შეეხება ევროკავშირს, მასში ექსპორტი შემცირებულია, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში 432 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტმა $398 მილიონი დოლარი შეადგინა.

7) ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილი გადაჭარბებით სრულდება

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 6 თვეში გადასახადების სახით მობილიზებულია 8.04 მილიარდი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმის 102.6%-ია. შესაბამისად, მეტობით აკრეფილია 201 მილიონი ლარი.

მეტობით შესრულება ფიქსირდება ყველა ძირითადი გადასახადის მიმართულებით, უფრო დეტალურად ბიუჯეტში შესული თანხები ასე ნაწილდება:

დამატებული ღირებულების გადასახადი - 3.2 მილიარდი ლარი, გეგმის 103.6%;
საშემოსავლო გადასახადი - 2.77 მილიარდი ლარი, გეგმის 107.9%;
მოგების გადასახადი - 1.12 მილიარდი ლარი, გეგმის 101.6%;
აქციზი - 965 მილიონი ლარი, გეგმის 120.1%;
იმპორტის გადასახადი - 71 მილიონი ლარი, გეგმის 130%.

8) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა დავით ხიდაშელთან დაკავშირებული, რაჭის ტყეების მმართველი კომპანია დააჯარიმა - ბიზნესმენის განმარტება

“გავასაჩივრეთ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ”- BMG-სთან საუბარში აცხადებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი. მისი განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მიმართ შედგა სასამართლომ ძალაში არ დატოვა. ბიზნესმენის თქმით, საქმე იმაშია, რომ აღნიშნული კომპანიისთვის ჯერჯერობით მიწების გადაცემა არ მომხდარა და შესაბამისად, ისინი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმას ვერ შეადგენდნენ.

უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე

9) საქართველომ რუსეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტით სანქციების დარღვევის 217 შემთხვევა გამოავლინა

BMG-იმ მოქმედი სანქციების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით კითხვით შემოსავლების სამსახურს მიმართა, უწყების განმარტებით, სანქციების მეთერთმეტე პაკეტი EU-ს ოფიციალურ საკანონმდებლო მაცნეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა, ხოლო სანქციების წინა პაკეტის ფარგლებში მოქმედი რეგულაციის ფარგლებში კი მათ სანქციებისგან თავის არიდების 217 შემთხვევა აღკვეთეს.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

10) VR Holding-მა $220-მილიონიანი ცათამბჯენის პროექტი წარადგინა

VR HOLDING-ი $220 მილიონი დოლარის ინვესტიციით ვაკეში ახალი ცათამბჯენის და მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარებას გეგმავს. ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ შეთანხმება გაფორმდა Marriott Executive Apartments-თან, რომელიც აპარტამენტების მართვაზე აიღებს პასუხისმგებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები