მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი'BB' დონეზე შეუნარჩუნა

ფიჩი
13.01.24 17:52
427

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია რეალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით - 2024-2025 წლებისთვის სააგენტო საქართველოში საშუალოდ 5%-იან ზრდას ვარაუდობს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების ინდიკატორების მიხედვით, საქართველო უსწრებს მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს.

კიდევ ერთ ფაქტორად დასახელებულია სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა. Fitch-ის შეფასებით, საქართვლოს აქვს სანდო ფისკალური დისციპლინა, ხოლო სამიზნე მაჩვენებლები რეალისტური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესაბამისია.

ანგარიშში, ასევე, ხაზგასმულია მთავრობის ვალის დაბალი დონე, ისევე, როგორც მიზნობრივზე დაბალი ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ხაზს უსვამს ევროკავშირში მიღების პერსპექტივასა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.

„სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა პოზიტიური პერსპექტივით, რომლის მთავარი მიზეზიც მაღალი ეკონომიკური ზრდა და საიმედო ფისკალური პოლიტიკაა. სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2025 წელს ზრდა 5.1%-ს მიაღწევს. ტრადიციულად, სააგენტო დადებითად აფასებს მმართველობით ხარისხს, რითაც საქართველო წინ უსწრებს რეგიონისა და მსგავსი რეიტინგების ქვეყნების უმრავლესობას. ასევე, ტრადიციულად დადებითადაა შეფასებული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ვალის დაბალი დონე და 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტის 2,5%-მდე შემცირება. სააგენტოს შეფასებით, 2024 წლის ფისკალური პარამეტრები რეალისტური და საიმედოა. საქართველო განაგრძობს იმ ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, რომელიც აუცილებელია რეიტინგის გაუმჯობესებისთვის და ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ შემდგომ შეფასებებში ეს უნდა აისახოს რეიტინგის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა FitchRatings-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები