მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიტნეს-ცენტრი "ოქტოპუსი": მოძველებული რეგულაციები უნდა გადაიხედოს

61b349201ca88
ინგა მურუსიძე
10.12.21 21:21
531
ფიტნეს-ცენტრ „ოქტოპუსის“ დამფუძნებელი, გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ კოვიდ-რეგულაციების ნაწილი, რომელიც სპორტულ დარბაზებზე ვრცელდება, უკვე მოძველდა და გადახედვას საჭიროებს.

მაგალითისთვის მას დაკეტილი კარადები მოჰყავს, რაც უკვე საჭირო აღარ არის. აღსანიშნია, რომ ფიტნეს-დარბაზებისთვის განკუთვნილი რეგულაციების თანახმად, ვიზიტორებისთვის კარადები უნდა იყოს გამოყოფილი ერთის გამოტოვებით;

„მოძველებულად მიმაჩნია რეგულაცია თანამშრომლების ტესტირების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აცრილები არიან. იანვრიდან მათი ტესტის ფულს სახელმწიფო არ გადაიხდის და ჩვენ მოგვიწევს გადახდა. ვფიქრობ აბსურდია, თუ დარბაზში ყველა ვაქცინირებულია, რაღატომ მოგვეთხოვება, რომ ყოველკვირეულად ტესტირებებზე ხარჯი გავიღოთ. არის კიდევ რეგულაციები, მაგალითად დაკეტილი კარადები, რა საჭიროა არ მესმის, ასევე ადამიანების რაოდენობა, რომელიც დაშვებულია.

ვფიქრობ, ესენი მცირე რაღაცებია, თუმცა ორი წლის წინ დაწესდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. უკვე მოძველებულია და ალბათ უნდა გადაიხედოს. საზღვარგარეთაც ყველა რეგულაცია უკვე განახლდა. პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ ძირითადი რეგულაცია არის ვაქცინაცია და არა დაკეტილი კარადა“, - ამბობს ასათიანი და დასძენს, რომ შრომის ინსპექციასთან ამ ყველაფერზე კომუნიკაცია აქვთ და დაპირება მიიღეს, რომ თანამშრომელთა ტესტირების ვალდებულება, შესაძლოა, იანვრიდან გადაიხედოს.

ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო კერძო სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას 2022 წლის 1 იანვრამდე დააფინანსებს. რა იქნება შემდგომ და მოუწევს თუ არა შესაბამისი ხარჯების გაღება ბიზნესს, ამის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მიდის მუშაობა ახალ მოდელზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სავალდებულო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტესტირების პროგრამა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები