მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფიზიკურმა პირებმა წელს ქონების გადასახადის სახით ₾114 მილიონი გადაიხადეს

ფული

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 114 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 32%-ით, ანუ 27 მილიონი ლარით მეტია.

ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება.

ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 82,668,264 ლარი;
  • სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 20,020,111 ლარი;
  • არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 11,189,120 ლარი.
  • ჯამი - 113,877,495 ლარი.

აღსანიშნია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება. 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების 11 თვის მიხედვით, სულ რამდენმა ადამიანმა შეავსო წელს ქონებრივი დეკლარაცია და რამდენმა გადაიხადა გადასახადი მითითებული არ არის. BMG-მ მიმდინარე წელს და წლების განმავლობაში ბიუჯეტში შესული ქონების გადასახადის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის იმ პირთა რაოდენობის შესახებ, ვინც იხდის ქონების გადასახადს შემოსავლების სამსახურიდან ნოემბრის დასაწყისში გამოითხოვა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს. უწყებაში ამბობენ, რომ რეფორმის მიზანია როგორც ფიზიკური პირების, ასევე საწარმოების ქონების გადასახადის პრინციპის ცვლილება, იმგვარად რომ ის აღარ იყოს დამოკიდებული შემოსავლებზე. თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება ამ მიმართულებით რეფორმა გატარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები