მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზღვარი უფრო ლოგიკური უნდა იყოს" - გიორგი კაკაურიძე ქონების გადასახადის რეფორმაზე

კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტრომ ქონების გადასახადის რეფორმა გადაავადა და ის წელს არ განხორციელდება. ეს კი იმ ფონზე, რომ სამინისტრო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებას პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გეგმავდა.

როგორც BMG-სთან ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, გადასახადის რაიმე ფორმით დაკორექტირება ან 40,000 ლარის ზღვრის შეცვლა მუნიციპალიტეტების შემოსავლებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, შესაბამისად მას აწონ-დაწონვა და წინასწარ სწორი ანალიზი სჭირდება. საქმე ისაა, რომ სხვა გადასახადებისგან განსხვავებით ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში შედის, მაშინ როდესაც საშემოსავლო, აქციზის თუ მოგების გადასახადები სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიიმართება.

გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ ძირითადი კრიტერიუმი ქონების გადასახადის გადახდისთვის უნდა იყოს უძრავი ქონების - მიწების ფართობი და არა შემოსავლების ზღვრული ოდენობა. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს გარკვეული შეღავათები თუ რა სახლზე და უძრავ ქონებაზე უფრო დიდი ფართობის ქონის შემთხვევაში უნდა მოუწიოთ პირებს ამ გადასახადის გადახდა.

"თუ რამე შეიცვალა ქონების გადასახადში, აქ უნდა მოხდეს ძირეული რეფორმა, რომ გადავიდეს იმ მოდელზე, რომელიც ესტონეთს აქვს გაკეთებული, რომელიც იქნება ძირითადად მიწაზე გადატანილი მთელი ქონების ტვირთი და არ იქნება უკვე შეფასების ნაწილზე და ამიტომ ამას უნდა საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა, იმიტომ, რომ ეს მოქმედებს თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე. ამიტომ ამის ინიცირება წელს არ მოხდება, ხოლო მომდევნო წლებში ვნახოთ.

ჩემი შეფასებით, ზღვარი უნდა იყოს უფრო ლოგიკური. ამასთან, ლოგიკური ზღვარი ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს მისი შემოსავალი, მისი სოციალური პირობებიდან გამომდინარე არ ჰყოფნის, იმას უნდა ჰქონდეს შეღავათი. თანხობრივი ზღვარი არ არის სწორი, ალბათ უფრო სწორი იქნება კონკრეტული რაღაც ზღვრები შემოვიდეს, მათ შორის ოჯახს რა აუცილებლობა აქვს იმის, რომ სჭირდებოდეს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებისთვის რა კვადრატულობის სახლი სჭირდება და ეს შეიძლება იყოს შეღავათის ასეთი სახე. ის, რომ 40,000 აქვს თუ და ცხოვრობს 500-კვადრატულიან სახლში, შეიძლება არ იყოს სწორი ლოგიკური შეღავათი, ანუ სხვა ტიპის შეღავათი უნდა იყოს და არა შემოსავალზე დაფუძნებული.

ერთიან კონტექსტში თუ რეფორმა გაკეთდა, ესეც გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2024 წელს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სახით ადგილობრივმა თვითმმართველობებმა 82 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები