მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის ქონების გადასახადის კანონპროექტი? - ფინანსთა მინისტრის პასუხი დეპუტატის კითხვაზე

ფინანსთა სამინისტრო

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, "ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს და ეკითხება, სად არის ქონების გადასახადის ცვლილებების კანონპროექტი, რომლის ინიცირებასაც უწყება 2024 წლის გაზაფხულზე საკანონმდებლო ორგანოში აპირებდა. კითხვაზე მინისტრმა უპასუხა, რომ რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს და კანონპროექტი პარლამენტს საჯარო განხილვების შემდეგ წარედგინება.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ლაშა ხუციშვილის მოსმენისას, რომან გოცირიძემ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდება გაიხსენა და თქვა, რომ ქონების გადასახადში ცვლილებების შეტანა მნიშვნელოვანია.

„საშინელი მდგომარეობაა ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით, ბომბზე ზის მთელი მოსახლეობა. 2004 წელს მიღებული კანონის შემდეგ შემოსავლები 10-ჯერ გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ გავმდიდრდით, მაგრამ 2004 წელს ინფლაცია იყო 167%, ფასები სამჯერ გაიზარდა. ფიზიკური პირების ქონების გადასახადი გაიანგარიშება ოჯახზე და საკმარისია ოჯახის ორი წევრი მუშაობდეს და ელემენტარული შემოსავალი ჰქონდეს მან უნდა გადაიხადოს, ბინის, ავტოფარეხის, სოფელში დატოვებული მამაპაპისეული ქონების გადასახადი... ადამიანებმა არ იციან და ანგარიშში წარმოდგენილი ჩამოსართმევი ქონების რაოდენობა რომ გიწერიათ, აქ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი მოქალაქე... სამი წელია გვეუბნებით, რომ პარლამენტში ქონების გადასახადის შესახებ ცვლილებებს წარადგენთ, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შეცვლა სასწრაფო და გარდაუვალია. მე გამოვიტანე კანონპროექტი, კომიტეტში ყველას მოეწონა, ოღონდ ასეთი რაღაც თქვეს, რომ ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებების კანონპროექტს გაზაფხულზე შემოიტანსო - სად არის ეს კანონპროექტი?“, - მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს.

ლაშა ხუციშვილმა დაადასტურა, რომ უწყებამ გასულ წელს ქონების გადასახადის რეფორმის შესახებ დააანონსა, თუმცა ისიც თქვა, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის შედეგად უნდა მოხდეს, რადგან ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მიიმართება.

„არ ვიცი სამი წლის წინ როდის ვთქვით რომ ამ რეფორმას წარმოვადგენდით. შარშან ვთქვით, რომ კონკრეტულ წინადადებებს და ხედვებს წარმოვადგენდით - რას უნდა დაეყრდნოს ქონების გადასახადის რეფორმა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ისეთი რეფორმა, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტზე ახდენს გავლენას. იცით, რომ ეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხაა და სრულად ადგილობრივ ბიუჯეტში შედის. ზეგავლენის შეფასება ამ ნაწილში დათვლილი გვაქვს და თითოეულს მუნიციპალიტეტთან მიმართებით რა ზეგავლენა იქნება მაგას ვითვლით და საიდან უნდა მოხდეს ამა თუ იმ ნაწილის კომპენსირება. ეს საკმაოდ შრომატევადი და დეტალური სამუშაოა. ამ ნაწილში ჩვენი რესურსის გარდა გარე რესურსებსაც ვიყენებთ, კონსულტაციებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ დახმარებებს. როდესაც აღნიშნული რეფორმა იქნება წარმოდგენილი, ის ყველა მუნიციპალიტეტთან უნდა იყოს გავლილი. ამ რეფორმის განხორციელება მათ გარეშე სწორი არ იქნება. ვფიქრობ, თითოეულ მუნიციპალიტეტთან მიმდინარე ზეგავლენის შეფასების საბოლოო შედეგები მალე უნდა გვქონდეს, რომლის გამოტანაც და საჯარო დისკუსიის დაწყება შეგვეძლება. კანონპროექტი საჯარო დისკუსიის დასრულების შემდეგ მომზადდება, შემდგომ საქართველოს პარლამენტში გადმოვალთ სამსჯელოდ“, - ასე უპასუხა დეპუტატის კითხვას ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები