მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2014-2024 წლებში ₾3 მლრდ-ზე მეტი საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა - ფინანსთა მინისტრის პასუხი დეპუტატს

ხუციშვილი

ფრაქცია “ევროოპტიმისტების” წევრმა, რომან გოცირიძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს სადეპუტატო კითხვებით მიმართა. დეპუტატის კითხვები საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას შეეხებოდა. კერძოდ:

  1. 2013 წლიდან დღემდე რამდენჯერ და როდის მოხდა საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად?
  2. რა რაოდენობით თანხის ჩამოწერა მოხდა თითოეული ამნისტიის შემთხვევაში?
  3. იმ პირებს შორის, რომლებსაც შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა და საგადასახადო ამნისტიის შედეგად დავალიანება ჩამოეწერათ, რამდენმა განაახლა საქმიანობა?

მინისტრის პასუხის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2014 წლის 25 დეკემბერს ამოქმედებული ცვლილების შედეგად, 2024 წლის 21 აპრილამდე, ჯამში, 3,930,306,225.14 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მოხდა.

საპასუხო წერილში ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილია, რომლის მიხედვითაც, დავალიანების ჩამოწერა სამ ეტაპად ხორციელდება.

I ეტაპი - 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ითვალისწინებდა 2005 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერას, თუ პირს არ უფიქსირდებოდა აქტივობა. ამ რედაქციით (02.06.2016 წლამდე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ჩამოწერილი დავალიანების თანხამ შეადგინა ჯამში 1,104,279,889.73 ლარი;

II ეტაპი - 2016 წლის 13 მაისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 2 ივნისს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ითვალისწინებდა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერას, თუ პირს არ უფიქსირდებოდა აქტივობა. ამ რედაქციით (02.08.2018 წლამდე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ჩამოწერილი დავალიანების თანხამ შეადგინა ჯამში 1,692,744,567.90 ლარი;

III ეტაპი - 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ითვალისწინებს 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერას (2020 წლის 14 ივლისს ამ ნორმამ განიცადა ცვლილება და ჩამოწერას დაექვემდებარა, ასევე შემდგომ აღიარებული თანხები), თუ პირს არ უფიქსირდებოდა აქტივობა. ამ რედაქციით დღემდე (21.04.2024 წლამდე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ა1“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ჩამოწერილი დავალიანების თანხამ შეადგინა ჯამში 1,123,281,767.51 ლარი.” - განმარტებულია საპასუხო წერილში.

კითხვაზე, თუ რამდენმა პირმა განაახლა საქმიანობა საგადასახადო ამნისტიის შემდეგ, პასუხი უცნობია. მინისტრი წერილში აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა კრიტერიუმების დასაზუსტებლად და აღნიშნული ინფორმაცია დამატებით დამუშავდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები