მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომპარონ ეს კანონპროექტიც და დაიწერონ ქულები, ოღონდ კარგი საქმე გააკეთონ“ - გოცირიძე „ოცნებაზე“

დეპუტატი

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპტიმისტების“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 60 000 ლარამდე გაზრდას და გადასახადის განაკვეთების შემოსავლის ოდენობის მიხედვით დიფერენციაციას მხარს დაუჭერს და საკომიტეტო განხილვების დაწყება „ეშმაკური ხერხებით“ არ გადავადდება.

ამის შესახებ დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მომპარონ ეს კანონპროექტიც და დაიწერონ ქულები, ოღონდ კარგი საქმე გააკეთონ“ - თქვა დეპუტატმა და რამდენიმე წლის წინანდელი ინიციატივა გაიხსენა, როდესაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების 5%-ის ნაცვლად 1%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და ასევე, 100 000-ლარიანი შემოსავლის 200 000 ლარამდე გაზრდას ითხოვდა.

„წინა მოწვევის პარლამენტმა მაშინ ჩემი ინიციატივა ჩააგდო და შემდეგ უკვე თავად შემოიტანეს გაუმჯობესებული ვერსია, რითაც მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა და იბეგრებიან 1%-იანი განაკვეთით. სინამდვილეში ვისი იყო ეს ინიციატივა? - რომან გოცირიძის.

ახლაც ვთავაზობ ფინანსთა სამინისტროს, „ქართულ ოცნებას“, რომ “მომპარონ” ეს კანონპროექტიც, რომელიც ქონების გადასახადის წესში ცვლილებებს ეხება, საკუთარ თავზე მიიწერონ და ქულებიც დაიწერონ, ოღონდ მხარი დაუჭირონ და კარგი საქმე გააკეთონ; თუ სურთ, ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 60 000 ლარამდე კი არა, 65 ან 80 000 ლარამდე გაზარდონ. საბიუჯეტო შემოსავლებისთვის ეს ცვლილება დიდი დანაკლისი არ იქნება, მაგრამ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“, - თქვა რომან გოცირიძემ და აღნიშნული ზღვარის გაზრდის საჭიროება შემოსავლების ოდენობის ცვლილების, ინფლაციის, ასევე უძრავი ქონების გაძვირების ფაქტორებით ახსნა.

ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში პარლამენტარმა ისიც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების მიერ 100-მდე კანონპროექტია ინიციირებული, რომელთა განხილვასაც საპარლამენტო უმრავლესობა ხელოვნურად აჭიანურებს, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. 

„ასეთი პოლიტიკით საკუთარი პარტია დასცინის პარლამენტის თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. რატომ არ იყო ასეთი ვითარება ირაკლი კობახიძის ან არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს?! მაშინ კომიტეტებზე მაინც იხილავდნენ ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივებს და შემდეგ კენჭისყრაზე არ უჭერდნენ მხარს, მაგრამ ახლა საშინელი სურათია - საპარლამენტო უმრავლესობას ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვების დაწყებაც არ სურს, რადგან იციან, რომ საკომიტეტო მოსმენას მედიაც გააშუქებს, მოქალაქეები მოისმენენ, რომ ოპოზიციას მათთვის სასიკეთო ინიციატივები აქვთ, რომელთაც უმრავლესობა მხარს არ უჭერს“, - თქვა რომან გოცირიძემ და იმედი გამოთქვა, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში „ევროოპტიმისტების“ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები