მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების გადასახადი, შესაძლოა, შემცირდეს - რომან გოცირიძის კანონპროექტი

ფული

დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებური დიფერენციაცია მოხდება, გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით.

ამასთან, დადგინდება უფრო მაღალი ზედა ზღვარი, კერძოდ, 60 000 ლარი, ნაცვლად 40 000 ლარისა, რომლის ქვემოთ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარება მოცემული გადასახადისაგან გათავისუფლებას.

ცნობისთვის, 40 000-ლარიანი ზედა ზღვარი 2004 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შედეგად დადგინდა და განისაზღვრა ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის დიფერენციაცია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი უკვე 10-ჯერ აღემატება 2004 წლისას, ხოლო 2.7-ჯერ 2010 წლის მაჩვენებელს. ამავე დროს, ფასების დონე (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) 2022 წელს გაზრდილია 167%-ით 2004 წელთან შედარებით, ხოლო 72%-ით  2010 წელთან შედარებით.

„გამომდინარე აქედან, აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს  საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მაქსიმალურ  თანხვედრას ფიზიკური პირების შემოსავლების მსყიდველუნარიანობასთან. კანონპროექტი ამცირებს საგადასახადო ტვირთს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ფიზიკური პირებისთვის სხვა შეღავათებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, მცირდება საგადასახადო განაკვეთები და იგი დიფერენცირებული გახდება გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტისა;

ბ) 150 000 ლარიდან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტისა;

გ) 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.

კანონპროექტის ავტორთა მოლოდინით, აღნიშნული კანონპროექტი დადებითად აისახება ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებზე, რადგან ზოგიერთი მათგანი საერთოდ გათავისუფლდება მოცემული გადასახადის გადახდისაგან, ხოლო ნაწილი გადავა ნაკლები საგადასახადო განაკვეთით დაბეგვრის მქონე ჯგუფში. საერთო ჯამში, ისინი დაზოგავენ დაახლოებით 7.7 მილიონ ლარს. შედეგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად, საერთო ჯამში, დაახლოებით 7.7 მილიონი ლარით შემცირდება.

ცვლილებების ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 იანვარია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა კომიტეტებზე 8 სექტემბრიდანაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები