ფრაქცია “ევროოპტიმისტების” წევრმა, რომან გოცირიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს 2023 წლის საქართველოს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა. დეპუტატის კითხვები შეეხებოდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის სესხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის გადახარჯვას, როტშილდების დაფინანსებასა და შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებას.
“21 მლრდ კუბურმა მეტრმა გაზმა გაიარა საქართველოს ტერიტორია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენიდან, საიდანაც 5% ქვეყანას უფასოდ რჩება, რაც დიდი რიცხვია - ასეთ ვითარებაში, გაზისა და ნავთობის კორპორაციას, რომელსაც ემატება და ემატება გასანაწილებელი გაზის მოცულობა, 300 მილიონი ლარის სესხი მიეცით და დაგვპირდით, რომ ეს იყო ერთჯერადი შემთხვევა და ძალიან მალე დაგვიბრუნებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ კომპანიას ბიუჯეტში ფული შემოჰქონდეს, გრაფიკის მიხედვით დასაბრუნებელი 170 მილიონი ლარი არ დააბრუნა - რა ხდება? გაკოტრდა გაზის კორპორაცია? რატომ აძლევთ კომპანიას ფულს, როდესაც მას ქვეყნის უზარმაზარი რესურსები აქვს? საერთოდ რატომ გახდა ეს ორგანიზაცია ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი? - ეს პირველი კითხვა.
მეორე კითხვა: მთავრობის სარეზერვო ფონდი, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის პირადი ყულაბა რომ გახდა და წარმოუდგენელი დარღვევები მეორდება: 2023 წელს დაგეგმილი 60 მილიონი ლარის ნაცვლად, 85 მილიონი ლარი დაიხარჯა - წინასაარჩევნოდაც ამ ფონდიდან დაიწყებთ მოსახლეობის გულის მოგებას, მაგრამ 2023 წელს 35-მილიონიანი გადახარჯვა რას ნიშნავს? რაში დაიხარჯა ეს ფული? ცნობისთვის, 2013-23 წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდი 555 მილიონი ლარის ოდენობით იყო დაგეგმილი, მაგრამ დაიხარჯა თითქმის ორჯერ მეტი - 956 მილიონი ლარი. 401 მილიონი ლარია გადახარჯვა და არავინ იცის, ვინ რაში ხარჯავს ამ ფულს.
ასევე, შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში დანაშაული ხდება, 10 მილიონი ლარი აორთქლდა, ვიღაცებმა მიიტაცეს… მთავრობამ როტშილდებს რომ ხელშეკრულება გაუფორმა, ფინანსური ჰაბი უნდა შეექმნათ საქართველოში, მაგრამ მათი საქმიანობის დასკვნა, ფურცლის ნახევარ გვერდზეც კი არ არსებობს. ამის შესახებ სამ სხვადასხვა უწყებას მივწერეთ - კობახიძემ არ დაარღვია კანონი და სადეპუტატო კითხვაზე პასუხი გამცა, მაგრამ მიპასუხა, რომ როტშილდების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს გრიფით საიდუმლო ადევს, რაც საოცრებაა. სად დაიკარგა ეს 10 მილიონი ლარი და ვის გაუწიეს მომსახურება როტშილდებმა?
დაბოლოს, 2013 წელს შტატგარეშე მომსახურებაზე შრომის ანაზღაურებამ 90 მილიონი ლარი შეადგინა, 2023 წელს ეს თანხა 516 მილიონი ლარია. ვერაფრით გავიგეთ, სახელმწიფო სექტორში რამდენი ადამიანია დასაქმებული. წარმოგვიდგენთ ბიუჯეტის ანგარიშს და არ გვეუბნებით, რამდენი ადამიანია შტატგარეშედ დასაქმებული, მერე ჩვენ თვითონ გვიწევს ანალიტიკა. მაგალითად, პარლამენტში 708 ადამიანიაო დასაქმებული გვითხარით და, აღმოჩნდა, რომ 1180 ადამიანია რეალურად დასაქმებული, მათ რაოდენობაში არ შედიოდა მძღოლები, დამლაგებლები, ტექნიკური პერსონალი… რამდენი ადამიანია დასაქმებული შტატით, შტატგარეშე, და რამდენია მათი ჯამი? და რატომ იზრდება ყოველწლიურად შტატგარეშედ დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურება?” - იკითხა რომან გოცირიძემ.