მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფლორიდა პალმ-ბიჩის აეროპორტს დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევს

ტრამპი

ფლორიდის შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტს დონალდ ტრამპის სახელი დაერქმევა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გასულ წელს ფლორიდის მიერ დამტკიცებული გეგმა, რომლის თანახმადაც, მაიამის ცენტრში ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის მიწის ნაკვეთი გამოიყოფა.

წარმოშობით ნიუ-იორკელი ტრამპი ფლორიდაში საცხოვრებლად 2019 წელს გადავიდა. მანამდე ის "ტრამპ-თაუერის" პენტჰაუსში ცხოვრობდა, ამჟამად კი მისი ძირითადი რეზიდენცია პალმ-ბიჩის დასავლეთით, მარ-ა-ლაგოს კურორტზეა.

სახელის ოფიციალურად შესაცვლელად, მოთხოვნა ჯერ ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას უნდა წარედგინოს, რომელმაც ცვლილება ფრენების რუკებსა და სანავიგაციო მონაცემთა ბაზებში უნდა ასახოს; ამასთან, შეიცვლება აეროპორტის აბრებიც. გასულ კვირას კონგრესმენმა ბრაიან მასტმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც აეროპორტის სამასოიანი კოდის (PBI) ტრამპის ინიციალებით (DJT) ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

აშშ-ის ხაზინამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ამ ზაფხულიდან ამერიკულ ქაღალდის ფულზე ტრამპის ხელმოწერა გაჩნდება. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკულ ვალუტას მოქმედი პრეზიდენტი აწერს ხელს.

ტრამპის სახელი ასევე დაერქვა სამხედრო-საზღვაო ხომალდებს, მდიდარი უცხოელებისთვის განკუთვნილ სავიზო პროგრამას, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სამთავრობო ვებგვერდსა და ბავშვთა ფედერალურ შემნახველ ანგარიშებს.

გასული წლის დეკემბერში ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის საბჭომ, რომელიც ტრამპმა თავისი მოკავშირეებით დააკომპლექტა, ინსტიტუციას მისი სახელიც დაამატა. ტრამპის სახელი მიენიჭა ვაშინგტონში მშვიდობის ინსტიტუტის შენობასაც - თვეების შემდეგ იმ ფაქტიდან, როცა მისმა ადმინისტრაციამ არაკომერციული ორგანიზაცია ჩაიბარა და ფაქტობრივად დახურა.

ამ თვის დასაწყისში, ტრამპის მიერ დანიშნული წევრებით დაკომპლექტებულმა ხელოვნების ფედერალურმა კომისიამ დაამტკიცა სამახსოვრო ოქროს მონეტა მისი გამოსახულებით. ეს აშშ-ის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონეტების სერიის ნაწილია.

თებერვალში თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ტრამპმა დემოკრატ სენატორ ჩაკ შუმერს გარიგება შესთავაზა: ნიუ-იორკში ჰუდსონის მდინარის გვირაბის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ, შუმერს მხარი უნდა დაეჭირა ვაშინგტონის დალესის აეროპორტისა და ნიუ-იორკის პენ-სტეიშენისთვის (Penn Station) ტრამპის სახელის მინიჭებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები