ფლორიდაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 15,000 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირების მომატებული შემთხვევებისა, ტრამპის ადმინისტრაცია სკოლების გახსნის საკითხთან დაკავშირებით მუშაობას განაგრძობს, ხოლო მიჩიგანსა და მისურიში ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო საპროტესტო აქციები იგეგმება.
Reuters-ის ანალიტიკოსების თქმით, ფლორიდა რომ ქვეყანა იყოს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, მე-4 ადგილზე იქნებოდა აშშ-ის, ბრაზილიის და ინდოეთის შემდეგ. ფლორიდამ ინფიცირების რაოდენობით უკვე გაუსწრო ყველა ევროპულ ქვეყანას და მოხსნა ნიუ-იორკის რეკორდიც, სადაც 10 აპრილს COVID-19-ის ინფიცირების 12,847 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც გამოცემა წერს, ფლორიდაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები Walt Disney World-ის გახსნას უკავშირდება. გასართობი პარკი სტუმრების ლიმიტირებული რაოდენობით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით გაიხსნა, რომელიც ტემპერატურის გაზომვას და ნიღბის ტარებასაც გულისხმობდა.