ფლორიდის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ჯეიმს უთმაიერმა OpenAI-ს და მისი ჩეთბოტის, ChatGPT-ის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო.
საქმე გასულ წელს ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ სროლას ეხება, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა ტექნოლოგიურ კომპანიას კავშირი მომხდარ ტრაგედიასთან.
მოკვლევის ფარგლებში, შტატის პროკურატურამ OpenAI-სგან საჭირო ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის გადაცემა უკვე ოფიციალურად მოითხოვა. ბრალდების მხარეს აქვს ეჭვი, რომ სკოლაზე თავდამსხმელის გადაწყვეტილებებზე გავლენა ჩეთბოტთან კომუნიკაციამ იქონია.
გამოძიების მასალების მიხედვით, ჩეთბოტმა თავდამსხმელს იარაღის ტიპის, შესაბამისი საბრძოლო მასალისა და მცირე მანძილზე ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტურობის შესახებ კონკრეტული რჩევები მისცა. როგორც გენერალური პროკურორი ამბობს, ეკრანის მეორე მხარეს რეალური პიროვნება რომ ყოფილიყო, მას ბრალი მკვლელობის ხელშეწყობაში დაედებოდა. პროკურორის თქმით, გამოძიების მიზანია, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა კომპანიას დამნაშავისთვის დახმარების გაწევის განზრახვა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ მოსამართლე OpenAI-ს წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ეს ტექნოლოგიური გიგანტების სამართლებრივი რეგულირების საფუძველი გახდება.
გამოძიების დაწყებას OpenAI-ში უკვე გამოეხმაურნენ. მისმა წარმომადგენელმა შტატში მომხდარს ტრაგედია უწოდა, თუმცა სტარტაპის მხრიდან თავდასხმაში ხელშეწყობაზე პასუხისმგებლობის აღება კატეგორიულად გამორიცხა. კომპანიის სპიკერის თქმით, ChatGPT-მ მომხმარებელს კითხვებზე ფაქტობრივი პასუხები გასცა და მიმოწერაში არაფერი ისეთი არ იყო ნახსენები, რაც ინტერნეტში საჯაროდ არაა ხელმისაწვდომი. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ დამნაშავესთან მიმოწერისას ხელოვნურ ინტელექტს მისთვის უკანონო ან საზიანო ქმედების ჩადენისკენ არ მოუწოდებია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ OpenAI-ში სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს და გამოძიებას ბრალდებულის ანგარიშის სრულფასოვან მონაცემებს გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ექვსი კი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა და მას მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით ბრალი წარუდგინა.




























