მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფლორიდის შტატმა TikTok-ს უჩივლა - რას ედავებიან ჩინურ გასართობ პლატფორმას?

ამერიკული კომპანიები

ფლორიდის შტატის გენერალურმა პროკურორმა ცნობილი ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი წარადგინა. რეგიონის მთავარი უფლებადამცველის მტკიცებით, კომპანია არღვევს შტატში მოქმედ იმ კანონს, რომელიც 14 წლამდე ასაკის მოზარდებს პლატფორმაზე ანგარიშების შექმნას უკრძალავს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, პროკურატურა TikTok-ს არასრულწლოვანი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ჩინური ByteDance-ის მფლობელობაში არსებული პლატფორმა მშობლებს ძალადობრივი და ინტიმური შინაარსის მასალების რეალური მოცულობის შესახებ განზრახ ატყუებს. მოსარჩელე მხარე პლატფორმისგან კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და ფინანსური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

რეგიონის მმართველი ოფიციალური პირების განცხადებით, შტატის ხელისუფლება გამოიჩენს ნულოვან ტოლერანტობას და საკადრის პასუხს მოსთხოვს ყველა იმ კომპანიას, რომელიც ბავშვების უსაფრთხოებაზე წინ საკუთარ მოგებას დააყენებენ.

ჩინური სოციალური ქსელის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკვე გამოეხმაურნენ კომპანიის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებითაც, TikTok-ი გენერალურ პროკურორთან აქტიურად ითანამშრომლებს. რაც შეეხება თავად სამართლებრივ დავას, სარჩელის დეტალებს ByteDance-ის უფლებადამცველები უკვე სწავლობენ და არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით საკუთარ პოზიციებს სასამართლოში დაიცავენ

აღსანიშნავია, რომ TikTok-ის წინააღმდეგ ანალოგიური სამართლებრივი დავა აშშ-ის კიდევ 25-ზე მეტი შტატის გენერალურმა პროკურორმა წამოიწყო. ოფიციალური პირები პლატფორმას მოზარდებში მავნე დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შექმნაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, ფლორიდის შტატში 14 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებში გაწევრიანებას კანონი უკრძალავს და ეს რეგულაცია კომპანიებს ავალდებულებს, მაქსიმალურად შეზღუდონ მსგავსი ფაქტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები