კომპანიის "სამი ძმის" თანადამფუძნებლის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან პიროტექნიკის გაყიდვების აკრძალვამ მათ გაყიდვებზე დიდი გავლენა იქონია. შესაბამისად ისინი გაყიდვების წლიურ გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ამის შესახებ აბელ კაპანაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კომპანიაში შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციის შემდეგ, რომელიც მხოლოდ პიროტექნიკას შეეხო მათ ფოიერვერკების გაყიდვის უფლება კვლავ არ აქვთ და არც ინფორმაციას ფლობენ, თუ როდის დართავენ ნებას.
„ფოიერვერკების გაყიდვა ამ ეტაპზეც შეჩერებული გვაქვს შემოსავლების სამსახურის მიერ და არ ვიცით როდის დაგვრთავენ გაყიდვის უფლებას. ახალ წლამდე 1 კვირაა დარჩენილი და დღესაც რომ მოგვცენ გაყიდვის უფლება, გამორიცხულია, გაყიდვების გეგმის შესრულებას ვერ მოვასწრებთ.
მთლიანობაში, გეგმა რაც გვქონდა გაყიდვების კუთხით, მივყვებით. ერთადერთი ფოიერვერკების მიმართულებით შევფერხდით. სამწუხაროდ დალუქული გვაქვს და მისი გაყიდვა არ შეგვიძლია“, - აცხადებს კაპანაძე.
28 ნოემბრიდან, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების საწინააღმდეგოდ, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებდნენ. 4 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა "ლილოს" სავაჭრო ცენტრში ის მაღაზიები დალუქა, რომლებიც პიროტექნიკით ვაჭრობდნენ. 3 დეკემბერს პიროტექნიკის საცალო გაყიდვები შეაჩერა კომპანიამ "სამი ძმა", სადაც BM.GE-ს განუცხადეს, რომ შემოსავლების სამსახური მათთანაც შევიდა შემოწმებაზე, თუმცა გადაწყვეტილება, თავად მიიღეს ქვეყანაში არსებული ვითარების განმუხტვამდე. 9 დეკემბერს კი კომპანიაში BM.GE-სთან განაცხადეს, რომ პროდუქტს საერთოდ ვეღარ ყიდიან, რადგან საწყობები დაულუქეს.