მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყვიტეს "სამ ძმაში" ფოიერვერკები შერჩევითად გაეყიდათ?

ფოიერვერკი

ფოტო: რადიო თავისუფლება

კომპანია "სამი ძმა" ფოიერვერკებს საცალოდ აღარ გაყიდის. როგორც BM.GE-სთვის გახდა ცნობილი, კომპანია შეზღუდვებს პიროტექნიკის საბითუმო გაყიდვებზეც აწესებს და საქონელს საბითუმოდ თავის ტრადიციულ მომხმარებელზე გაყიდის, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა აბელ კაპანაძემ bm.ge-ის განუცხადა.

შემოსავლების სამსახურში ლილოში, პიროტექნიკის მაღაზიების დალუქვას ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სამი ძმა" ფოიერვერკებს საცალოდ აღარ გაყიდდა, კომპანიის Facebook-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც bm.ge კომპანიის დირექტორს აბელ კაპანაძეს დაუკავშირდა. კითხვაზე - ხომ არ იყო ეს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის მონიტორინგით განპირობებული, აბელ კაპანაძემ გვიპასუხა, რომ შემოსავლების სამსახური კომპანიაში ნამდვილად შევიდა, თუმცა გადაწყვეტილება ამას არ უკავშირდება და თავად მიიღეს, მას შემდეგ, რაც გაყიდვები გაეზარდათ. "სამი ძმის" დირექტორი გაყიდვების გააქტიურებას აქციებს უკავშირებს და აცხადებს, რომ პიროტექნიკის გაყიდვას მანამდე აჩერებენ, სანამ, ქვეყანაში მდგომარეობა დასტაბილურდება.

"გადაწყვეტილება, ჩვენ თვითონ ორი დღის წინ მივიღეთ, ეს არის ოფიციალური მიზეზი. მაგრამ გუშინ, უკვე შემოსავლების სამსახურიც შემოვიდა ინვენტარიზაციაზე.

[უწყება] არაფრის გაყიდვას არ გვიშლის. უბრალოდ, ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ, თავიდან რომ ავირიდოთ უსიამოვნო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ორი დღის წინ მივიღეთ. ჩვენთან მიმართვიანობა გაიზარდა, მივხვდით რისთვის მიჰქონდათ, მოხდა იდენტიფიცირება და ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ", - განმარტა კაპანაძემ და კითხვაზე - როდის განაახლებდნენ ფოიერვერკების გაყიდვებს, განაცხადა: "დავაკვირდებით სიტუაციას და ორშაბათიდან ალბათ აუცილებლად დავიწყებთ".

რაც შეეხება კითხვას, რამდენად ხშირად ტარდება ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის მხრიდან კომპანიაში, აბელ კაპანაძე პასუხობს, რომ ბოლოს სახელმწიფო უწყება კომპანიაში 2015 წელს შევიდა.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფილიალში და ახლა ინვენტარიზაცია თანადროულად მიმდინარეობს. სხვა პროდუქციის გაყიდვაზე შეზღუდვა არ ყოფილა. უბრალოდ, როგორც გითხარით, თავად შევზღუდეთ ფოიერვერკების გაყიდვა. ვყიდით იმ პირებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს და ჩვენი ძველი საბითუმო მომხმარებლები არიან. თუ ვიცით, რომ კეთილი ზრახვით მიაქვთ, ფოიერვერკებს ვყიდით", - განაცხადა აბელ კაპანაძემ.

ცნობისთვის, კომპანია "სამი ძმა" ეკუთვნით: აბელ კაპანაძეს - 34%, ალიკა კაპანაძე - 33%, მირიანი კაპანაძე - 33%.

"სამი ძმა" ფოიერვერკებს ყველას არ მიჰყიდის

ლილოში პიროტექნიკის მაღაზიები მოვაჭრეებს დალუქული დახვდათ

10 თვეში პიროტექნიკის იმპორტი გაიზარდა - TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები