ლილოს ბაზარში პიროტექნიკის მაღაზიები და საწყობები მოვაჭრეებს დალუქული დახვდათ.
როგორც მოვაჭრეები "TV პირველთან" საუბრისას აღნიშნავენ, დალუქულია მხოლოდ ის მაღაზიები, რომლებშიც ფოიერვერკები, ფერადი კვამლი და სხვა პიროტექნიკა იყიდებოდა.
BM.GE აღნიშნული საკითხის გარკვევას დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ქვეუწყებაში შემოსავლების სამსახურში ცდილობს, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
მოვაჭრეები ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მაღაზიის მეპატრონემ ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მათ მაღაზიას ლუქი ედო და პიროტექნიკით ვაჭრობის უფლება აღარ ჰქონდათ. მათივე თქმით, ვინაიდან საახალწლო სეზონია, აღნიშნული მაღაზიები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდნენ და გუშინაც ღია იყვნენ.
"დილას რომ მოვედით, დაკეტილი იყო უკვე ყველაფერი", "აღარც გააღეს მაღაზიები, გუშინ მგონი იყო ღია, საახალწლო სეზონია და მუშაობენ" - აღნიშნავენ მოვაჭრეები "პირველებთან" საუბრისას.