შემოსავლების სამსახურში ლილოში, პიროტექნიკის მაღაზიების დალუქვას ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლილოში, მოვაჭრეებს პიროტექნიკის მაღაზიები დალუქული დახვდათ და დღეს მუშაობა ვერ შეძლეს. ლილოში მისული "ტვ პირველთან" საუბრისას მოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ამ დროს პიროტექნიკით ვაჭრობის აქტიური პერიოდია და ის მოვაჭრეები, რომელთა მაღაზიები დღეს დალუქულია, გუშინ ვაჭრობდნენ. BM.GE აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის განმარტებას დილიდან ელოდა. უწყებამ პასუხი „ტვ პირველზე“ სიუჟეტის გასვლის შემდეგ გაავრცელა.
„კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელიც პრევენციული კონტროლის ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებსაც.
ზემოაღნიშნული კონტროლის ღონისძიებები წარმოადგენს სამსახურის უშუალო ფუნქციას და უცხო არ არის გადასახადის გადამხდელებისთვის. ამასთან, გავმარტავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მისი გასაჯაროება დაშვებულია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების დეტალებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.