საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური აცხადებს, რომ პროკჯურატურის მიერ საქველმოქმედო ფონდების დაყადაღება ქვეყანაში მიმდინარე ფარსის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
2025 წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო ა(ა)იპ "ნანუკას ფონდი"-ს , ა(ა)იპ "ფროსფერითი"-ს, ა(ა)იპ "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, ა(ა)იპ "სირცხვილია"-ს და ა(ა)იპ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"-ს საბანკო ანგარიშებს და მათზე არსებულ ფულადი სახსრებს.
"ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი. დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის – ეს არის მოვალეობა ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა ქვეყნის გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის. ეს ფონდები ბიზნესისა და მოქალაქეების შემოწირულობებით ეხმარებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, უსამართლოდ დაჯარიმებულ და ნაცემ ადამიანებს, ფარავენ მათი მკურნალობისა და წამლის ხარჯებს, თანადგომას უწევენ დაპატიმრებულთა ოჯახებს.
როდესაც სიკეთის კეთებას აიგივებ დანაშაულთან, როდესაც დახმარების ხელის გაწვდენას გაჭირვებულისთვის ასაღებ ქვეყნის მტრობად - საზოგადოების ერთიანობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ხდება უფრო და უფრო ძლიერი! საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება!" - აცხადებს ნიკა გილაური.
პროკურატურის ინფორმაციით, ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, რომელიც ეხება "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებს."