მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: კომპანიების მხოლოდ 4%-ი ითხოვს თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას

627b75a3acfd4
მარიამ ადამია
12.05.22 00:50
1056
The Conference Board-ის მიერ ჩატარებული ადამიანური კაპიტალის ახალი გამოკითხვის თანახმად, კომპანიების მხოლოდ 4%-ი ითხოვს თანამშრომლების ოფისში, სრული განაკვეთით დაბრუნებას და ასეთ კომპანიებს თანამშრომლები ეტაპობრივად ტოვებენ. ისინი შესაბამისად ალტერნატიულ სექტორებსა თუ კომპანიებში მიდიან, სადაც მათზე მორგებული სამუშაო პირობებია შეთავაზებული. გამოკითხულთა დაახლოებით 90% კი თანამშრომლებს ნებას რთავს ჰიბრიდული სამუშაო განრიგი შეიმუშაოს და გადაწყვეტილების თავად მიღების საშუალებას აძლევს, საქმიდან გამომდინარე იმუშაონ ოფისიდან, თუ სახლიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული Forbes ავრცელებს.

სილიკონ-ველის ტექნოლოგიური კომპანიების დიდმა ნაწილმა პანდემიის დაწყებისთანავე მიიღო დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება. ისინი ახლა უკვე ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ: როდის და რა ფორმით დააბრუნონ მაღალშემოსავლიანი თანამშრომლები ოფისებში, რომლებიც გუნდური მუშაობისთვის შეიქმნა. კვლევის თანახმად, თანამშრომლები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან, როდესაც კვირაში ორი ან სამი დღე მუშაობენ სახლიდან, ამიტომ ძალიან ცოტა დამსაქმებელი აიძულებს მათ სრული დროით დაბრუნდნენ ოფისში. თუმცა მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები, პანდემიის შემდგომ პერიოდში ისეთ თანამშრომლებს ეძებენ, რომლებიც ოფისში იმუშავებენ და არა დისტაციურად.

რაც შეეხება კონკრეტულად კომპანიებს, მაგალითად, Airbnb, თავის თანამშრომლებს ნებას რთავს, ნებისმიერი ადგილიდან იმუშაონ იმდენი ხნით, რამდენსაც მოისურვებენ. კომპანიის განცხადებით, მათთან დასაქმებულები შეძლებენ, საქმე შეასრულონ სახლიდან, ოფისიდან ან სხვა ნებისმიერი ადგილიდან, ეს კი მათ ანაზღაურებაზე არ აისახება. ამ მხრივ, Airbnb-ის გადაწყვეტილება სხვა კომპანიების მიდგომებისგან განსხვავდება. მაგალითად, აშშ-ში Google-ის თანამშრომლებმა, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, შეიძლება უფრო ნაკლები ანაზღაურება მიიღონ. კომპანიამ შარშან ზაფხულში თანამშრომლებს გამომთვლელი შესთავაზა, რომლითაც შეეძლოთ დაეანგარიშებინათ, რა რაოდენობის ანაზღაურებას დაკარგავდნენ სახლიდან მუშაობის შემთხვევაში.

ცნობისთვის, დისტანციურად მუშაობა დიდი ხანია, ადამიანების მცირე რაოდენობისთვის შესაძლებელი იყო, თუმცა, 2020 წელს დაწყებულმა კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში უამრავ კომპანიას და მილიონობით ადამიანს აიძულა, ოფისები დაეტოვებინათ და საქმე სახლიდან გაეგრძელებინათ, თუმცა დღეს თანამშრომლები ოფისებს ეტაპობრივად უბრუნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები