მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე პოპულარული ძვირად ღირებული ბრენდი მსოფლიოში?

64a2d775be908
ლიკა მეგუთნიშვილი
04.07.23 09:30
1578
ფუფუნების საქონლის ინდუსტრიას კარგი წელი ჰქონდა. 2023 წლის 12 ივნისის მდგომარეობით STOXX Europe Luxury 10-ის ინდექსი 22,81%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აპრილში გაყიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ზრდა მეტწილად ჩინეთში კოვიდრეგულაციების შემსუბუქებამ და ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენამ განაპირობა.

გამოცემა Luxe Digital-მა Deloitte-ის ფუფუნების საუკეთესო ბრენდების სიასა და Forbes-ის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგზე დაყრდნობით, ონლაინ სივრცეში ყველაზე პოპულარული ფუფუნების ბრენდების რეიტინგი შეადგინა.

ყოველწლიურ რეიტინგში პირველად, ონლაინ სივრცეში ფუფუნების ინდუსტრიის ლიდერი ბრენდი Christian Dior-ი გახდა. ბრენდი 2019 წელს მეშვიდე პოზიციას იკავებდა, მას შემდეგ კი გაყიდვების სტაბილურად მზარდმა დინამიკამ საბოლოოდ ბრენდის პირველობა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ Dior-ის გაყიდვები როგორც უშუალოდ მოქმედ მაღაზიებში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე გაიზარდა, განსაკუთრებით ჩინეთსა და ინდოეთში. 2023 წელს Dior-ის საიტის ტრაფიკი წინა წელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა, რაც მისი საკულტო ჩანთებისა და სუნამოების, ასევე კანის მოვლის პრემიუმ ხაზის პოპულარობითაა განპირობებული.

Dior-სგან განსხვავებით იტალიური მოდის სახლი Gucci ფუფუნების ბრენდებს შორის წლების განმავლობაში ონლაინ სივრცეში ლიდერის პოზიციას არ თმობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, წელს ბრენდი მეორე ადგილს დასჯერდა. პანდემიურმა წლებმა Gucci-ზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა, მაგალითად, ონლაინ ძიების ინტერესი 2019 წელს თუ 22,34%-იყო, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 13,4%-მდე შემცირდა. თუმცა, ბრენდი ნელ-ნელა ძალების აღდგენასა და ბიზნესის გაფართოებას მეტავერსის დახმარებით ცდილობს. ამასთან, 2023 წლის აპრილში კომპანიამ თავისი პირველი ულტრა ფუფუნების ბუტიკი ლოს-ანჯელესში გახსნა.

2023 წლის ყველაზე პოპულარული ფუფუნების ბრენდების რეიტინგში მესამე პოზიცია ფრანგულმა მოდის სახლმა Chanel-მა შეინარჩუნა, რომელმაც წელს საიტების ტრაფიკის 26%-იანი ზრდა დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვების მიმართ ბრენდს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. Chanel-ი გლობალურად აღიარებულია თავისი საკულტო პროდუქტებით, განსაკუთრებით კლასიკური Flap Bag-ითა და ისეთი სუნამოებით, როგორიცაა Chanel No. 5. ბოლო პერიოდში ბრენდის მიმართ განსაკუთრებულ ინტესს ახალგაზრდები გამოხატავენ.

ბოლო პერიოდში Chanel-ი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც 2023 წლის Met Gala-ს უკავშირდება. წლევანდელი Met Gala-ს ვარსკვლავი ბრენდი სწორედ შანელი გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიების თემატიკა შანელის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი და მისი შემოქმედება იყო.

ფრანგული მდიდრული სახლი Louis Vuitton-ი Luxe-ს 2023 წლის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. ბრენდის საიტზე წინა წელთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და საშუალოდ 16,5 მილიონი შეადგინა. როგორც ვარაუდობენ, ბრენდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე პიეტრო ბეკარის, ხოლო მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად ჰიპ-ჰოპ არტისტ ფარელ უილიამსის დანიშვნა, წელს კომპანიის ონლაინ სივრცეში პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.

და ბოლოს, რეიტინგის ხუთეულს Hermès-ი ხურავს. ბრენდის ვებგვერდებზე ვიზიტების რაოდენობა ბოლო ერთ წელში 33%-ით გაიზარდა. ისეთი მარადიული კლასიკებით, როგორიც მაგალითად Birkin-ის ჩანთაა, Hermès-ი მუდმივად მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და სასურველ ბრენდად სახელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბრენდმა პროდუქციის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გააფართოვა, რაც სრული სახით მის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. წელს, Hermès-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 226 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით ის LVMH-ის შემდეგ მსოფლიოში ფუფუნების მეორე ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები