მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ გაერთიანდნენ

61e7b916aa78c
მარიამ ადამია
19.01.22 22:40
1418

მსოფლიოს უმსხვილესმა ბრენდებმა, მათ შორის Coca-Cola-მ, Pepsico-მ, BNP Paribas-მა, Walmart-მა, Nestle-მ, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ გლობალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც გულისხმობს პლასტმასის წარმოების შეზღუდვას, რომელიც ავსებს ნაგავსაყრელებს, ანადგურებს ოკეანეებს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ველურ ბუნებას. დოკუმენტს, რომელსაც 70-ზე მეტი კომპანია უერთდება, საჯაროდ გაეროს გარემოსდაცვითი ანსამბლეის კონფერენციაზე წარადგენენ, რომელიც მიმდინარე წელს არის ჩანიშნული. ერთობლივ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ კერძო სექტორი ჩართული უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საბოლოოდ, პოზიტიურ სოციალურ და ეკონომიკურ ზემოქმედებას გამოიწვევს.



როგორც Forbes წერს, დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. ასევე, მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის არაუმეტეს 10% გადამუშავდება. ნავთობისა და გაზისგან დამზადებული პლასტმასის წარმოება კი, 20 წლის განმავლობაში გაორმაგდება. ამ მოსალოდნელი რეალობის შესაცვლელად საჭიროა თითოეული ადამიანის ჩართულობა პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, უარი უნდა ვთქვათ ერთჯერად წყლის ბოთლებსა და ჭურჭელზე, პოლიეთილენის პარკებზე, საწრუპებზე, ერთჯერად კონტეინერებსა და შეფუთვაზე. სამაგიეროდ, გამოვიყენოთ მდგრადი ალტერნატივები, როგორიცაა მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები და კონტეინერები, ნაჭრის ჩანთები, მეტალის საწრუპები.



როგორც დოკუმენტის ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების ზრდა აუცილებელია მის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ფაქტია, რომ წარმოების შეზღუდვის გარეშე, ვერ გადაჭრის დაბინძურების მზარდ პრობლემას. პლასტმასი ყველაზე ხშირად იწარმოება ინდუსტრიულ ქვეყნებში, ესენია: ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია და სამხრეთ აფრიკა. მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ პლასტმასის ნახშირბადის გლობალური ნაკვალევი 1995 წლიდან გაორმაგდა და 2015 წელს 2 მილიარდ ტონა CO2-ის ეკვივალენტს მიაღწია.



ამავე პერიოდში ჰაერის წვრილი ნაწილაკებით დაბინძურების შედეგად პლასტმასის გლობალური გავლენა ჯანმრთელობაზე 70%-ით გაიზარდა. ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თემით დაინტერესება და რაც შეიძლება მეტი ქვეყნისა თუ კომპანიის ჩართვა პროცესებში.



ცნობისთვის, პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. მისი დაძლევისთვის საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს და იზრუნოს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე. ამასთანავე, აუცილებელია მსოფლიო მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის – ცნობიერების ამაღლება, დანაგვიანებასა და გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, გადამუშავების ხელშეწყობა და რაც მთავარია, პლასტმასის წარმოებისა და მოხმარების შემცირება მთელს მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები