რატომ სძულთ მილენიალებს სატელეფონო ზარები? თემაზე ვრცელი სტატია ამერიკულმა ფორბსმა გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ყველა თაობას თავისი ჩვევები, წესები და ხშირად უცნაურობები ახასიათებს, შესაბამისად არც მილენიალები არიან გამონაკლისი. ისინი ვერ იტანენ სატელეფონო ზარებს და ხშირად თავსაც არიდებენ. ეს არის ბოლო თაობა, რომელსაც ემახსოვრება უინტერნეტობა და რომელიც ციფრული ეპოქის განვითარების პარალელურად გაიზარდა, ამ პროცესებში კი თავადაც იყვნენ ჩართული. ამიტომაც, ისე როგორც არცერთ თაობაზე, მილენიალების განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა ტექნოლოგიებმა იქონია. ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები მილენიალებს საშუალებას აძლევთ, გამოიყენონ ახლებური მიდგომები სამუშაო პროცესში და ზოგადად, მისი დახმარებით ცდილობენ, გაიმარტივონ ცხოვრება.
როგორც Forbes აღნიშნავს, სატელეფონო ზარები იმიტომაა მილენიალებისთვის მიუღებელი, რომ მყისიერ პასუხს და დროის დათმობას ითხოვს. ახალგაზრდებს კი ურჩევნიათ კარგად მოიფიქრონ პასუხი და საკუთარი სურვილის მიხედვით დაამყარონ ადრესატთან ურთიერთობა. გარდა ამისა, ეს ძალიან კარგი საშუალებაა არასასურველი ზარებისა და შეხვედრების თავიდან ასაცილებლად, რადგან ზარს აუცილებლად უნდა უპასუხო, ელექტრონული ფოსტის უყურადღებოდ დატოვება კი ბევრად მარტივია. შეძლება ეს ზოგიერთისთვის უხერხული მომენტია, მაგრამ მილენიალებისთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.
სატელეფონო ზარებისგან განსხვავებით, საკომუნიკაციოდ ყველაზე ხშირად მილენიალები ელექტრონულ ფოსტას იყენებენ. თუკი ელექტრონული ფოსტის გაგზავნა არის შესაძლებელი, სათქმელს ყოველთვის ამ ფორმით გზავნიან. მილენიალების სტანდარტების თანახმად, ასე გაცილებით ეფექტიანი და სწრაფია კომუნიკაცია, სატელეფონო საუბრები კი, მეტ დროს მოითხოვს ჩვენგან. ანუ 15 წუთიანი სატელეფონო საუბარი, ორი წინადადების გადასაცემად არის დროის ფუჭი ხარჯვა, თანაც თქვენს საუბარს სამსახურში, შესაძლოა სხვაც ისმენდეს და რაც მთავარია წერილობით გადაცემული და მიღებული ინფორმაცია უფრო მარტივად აღსაქმელია ადამიანისთვის, ამიტომაც გაურბიან მილენიალები ზარებს.
ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია ორგანიზაციისთვის ბევრად მოსახერხებელია, ასე თვლიან მილენიალები. ლაპარაკის დროს ხშირად აზრი იკარგება, რთულია კონსტრუქციულად მიჰყვე მას და თან Email-ის ოფიციალურ დოკუმენტად ქცევა ბევრად მარტივია. ინსტრუქციების გაცემაც მილენიალებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ურჩევნიათ.