მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ილუზიონისტები მსოფლიოში

5df9d79da6abc
მარიამ ადამია
18.12.19 12:25
2806
Forbes-ის მიერ შედგენილი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ილუზიონისტების 2019 წლის რეიტინგში დევიდ კოპერფილდი ლიდერობს. 63 წლის ილუზიონისტი უკვე მეოთხე წელია ლიდერ პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით; მისი ქონება დღეს 875 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ერთი წლის განმავლობაში კოპერფილდი მაყურებლის წინაშე 654-ჯერ წარსდგა და ასე გამოიმუშავა 60 მილიონი დოლარი. მსოფლიოში ცნობილი ჯადოქარი, რომელიც გადის ჩინეთის დიდ კედელში და აქრობს თავისუფლების ქანდაკებას, მილიონებს იღებს ასევე ექსკლუზიური ტურებისა და კონცერტებისთვის, რომლებსაც ორგანიზებას საკუთარ კურორტზე, კარიბის ზღვაში მდებარე მაშა კეიზე უწევს. მთლიანობაში კი, ბაჰამებზე 11 კუნძულის მფლობელია.

„არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი მწარმოებელი, ამიტომაც ჩემთვის საინტერესო საქმე ბიზნესად ვაქციე; ასე რომ, მეც ვერთობი, ხალხსაც ვართობ და თან მილიონებსაც ვშოულობ, თუმცა ცხადია, სტრესის გარეშე არც ერთი საქმე არ არსებობს,“ - ამბობს კოპერფილდი Forbes-თან საუბარში.

რიგით მეორე ილუზიონისტი კი, რეიტინგში ამერიკელების დუეტი „პენი და ტელერია“ , რომლებიც ჯამში, 28 მილიონ დოლარს აერთიანებენ. დუეტი მაყურებლის წინაში 1975 წელს გამოჩნდა და თავიდანვე დიდი დაინტერესება გამოიწვია. დღეს კი, ტელეკომპანია CW-ზე უკვე მეექვსე სეზონია ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუს უძღვებიან, სახელად - „ვინ მოატყუებს პენის და ტელერს“.

Forbes-ის რეიტინგის სამეულშია ილუზიონისტების ჯგუფი The Illusionists, რომელმაც მოახერხა და წლის განმავლობაში 600-ზე მეტი შოუ მოაწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შედეგად კი, 123 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლეს, რაც 4,5 მილიონით ნაკლებია წინა წლის შემოსავლებზე.

მეოთხე პოზიციაზე მოხვდა მაიკლ კარბონარო - 11 მლნ დოლარით. ილუზიონისტი დღეს უძღვება გადაცემას სახელად „კარბონაროს ეფექტი“, რომელიც მეექვსე სეზონია აქტუალობას და მაყურებელს არ კარგავს. ხუთეულს კი ასრულებს კრის ენჯელი - 10 მილიონი დოლარის შემოსავლით წლიურად, რომელიც გარდა ილუზიონისტისა, მალე პროდიუსერის, სცენარისტის და რეჟისორის რანგშიც მოგვევლინება, რადგან ის ახალ გადაცემას იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები