ამერიკული ავტოინდუსტრიის გიგანტმა, Ford Motor Company-მ დააანონსა, რომ ინდოეთში, ტამილ ნადუში მდებარე ძრავების საწარმოში დამატებით $370 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანი ადგილობრივი ქარხნის გადაიარაღება იქნება. შედეგად, გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ძრავების წარმოების დაწყება შესაძლებელი გახდება.
Ford-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გადაიარაღების დასრულების შემდეგ ქარხანაში წლიურად 200,000 ძრავი აიწყობა. აღსანიშნავია, რომ მათ ამერიკული ბაზრისთვის არ გამოიყენებენ და ძირითადი დანიშნულება ძრავების ექსპორტზე გატანა იქნება.
ინდოეთში ინვესტირების გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ადასტურებს იმას, რომ საავტომობილო კომპანიები მიწოდების ჯაჭვების მეტ დივერსიფიკაციას ცდილობენ. მეორე მხრივ კი, მოწმობს, რომ ისინი უპირატესობას ისეთ ქვეყნებზე აკეთებენ, სადაც პროდუქტს გამოცდილი კადრები გაცილებით შეღავათიან ფასად ქმნიან.




























