მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-ის შემდეგ მონაცემთა ცენტრებისთვის ახალი ბატარეების წარმოებას GM-იც იწყებს

gm

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors-მა ენერგიის შენახვის სისტემებისა და მონაცემთა ცენტრების მხარდასაჭერად ახალი თაობის ნატრიუმ-იონური ბატარეების შექმნის გეგმა წარადგინა.

პროექტის ფარგლებში ავტომწარმოებელი კოლორადოს შტატში მომუშავე სტარტაპ Peak Energy-სთან ითანამშრომლებს. ბატარეების პირველი პარტია კი ბაზარზე 2028 წლის შემდეგ გამოჩნდება. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, კურტ კელტის განმარტებით, ახალი ტექნოლოგია საოპერაციო ხარჯებსა და სისტემურ სირთულეებს საგრძნობლად შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელი მსგავსი მიმართულებით სხვა პარტნიორებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. კერძოდ, ის Redwood Materials-თან ერთად ელექტრომობილების ძველი ბატარეების მეორად გამოყენებაზე მუშაობს. პარალელურად, კომპანია LG Energy Solution-თან ერთობლივი საწარმოს მეშვეობით ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ელემენტების წარმოებასაც გეგმავს.

ამჟამად ერთობლივი საწარმო Ultium Cells-ი ოჰაიოსა და ტენესის ქარხნებში 90 გიგავატ-საათის სიმძლავრის საწარმოო მოცულობას ფლობს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ტენესის საწარმოში ახალი ელემენტების გამოსაშვებად $70 მილიონის მოცულობის ინვესტიციაც განხორციელდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ General Motors-ი არ არის ერთადერთი ამერიკული საავტომობილო გიგანტი, რომელიც ბატარეების ბაზარზე შევიდა. მისმა კონკურენტმა Ford Motor-მა რამდენიმე კვირის წინ კერძო მიმართულებაც კი ჩამოაყალიბა.

შეგახსენებთ, ავტოინდუსტრიის მოთამაშეები ბატარეებს ხელოვნურ ინტელექტზე მორგებული მონაცემთა ცენტრებისთვის ქმნიან. მათი დანიშნულება კი ენერგიის შენახვა და მისი უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები