მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

gm

ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors-ი საკუთარ აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადაიტანს. როგორც ირკვევა, ახალი პლატფორმიდან ტრანზაქციები 17 ნოემბრიდან დაიწყება, თუმცა კომპანიის ტიკერი - GM უცვლელი დარჩება.

მენეჯმენტის განცხადებით, სტრატეგიული ცვლილება ავტომწარმოებლის ტექნოლოგიურ კომპანიად პოზიციონირებას უკავშირდება. კომპანიის ფინანსური დირექტორის, პოლ ჯეიკობსონის განცხადებით, General Motors-ის სტრატეგია ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოიაზრებს, რის გამოც ზრდის პროცესში Nasdaq-ი მათთვის ბუნებრივი არჩევანია.

ამასთან, ახალ ბირჟაზე გადასვლა კომპანიას Nasdaq-100-ის ინდექსში მოხვედრის შესაძლებლობასაც მისცემს, სადაც ამჟამად NVIDIA, Apple, Google, Microsoft, Tesla და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები იყრიან თავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე კომპანიამ ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების განვითარების გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვით, GM-ის ძირითადი შემოსავლის წყარო მომავალში AI და რობოტექნიკა უნდა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი NYSE-ზე პირველად 1911 წელს განთავსდა, ხოლო 2010 წელს, გაკოტრების პროცედურის შემდეგ, პლატფორმაზე ხელახლა დაბრუნდა. როგორც ჩანს NYSE-ის და GM-ის 115-წლიანი საქმიანი ურთიერთობა დასრულებულია, რადგან კონკურენციაში Nasdaq-მა გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები