ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა 2026 წლის მეორე კვარტალში $48.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რამაც უოლ-სტრიტის პროგნოზირებულ $47.24 მილიარდს გადააჭარბა. როგორც ირკვევა, კომპანიის კორექტირებულმა საოპერაციო მოგებამ (EBIT) $2.5 მილიარდი შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 20%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდების მოცულობას, ის ერთ აქციაზე $0.42-ით განისაზღვრა, რაც Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $0.35-ს $0.07-ით აღემატება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის დადებითი ფინანსური შედეგები აშშ-ის ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ და პროდუქციის ფასების შენარჩუნების უნარმა განაპირობა. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, შერი ჰაუსმა განაცხადა, რომ Ford-ის ინდუსტრიული სისტემა სულ უფრო ეფექტიანი ხდება, ხოლო მომხმარებლები მისი პროდუქციის მიმართ კვლავ ერთგულები რჩებიან.
დადებითი შემოსავლების ფონზე Ford-მა მიმდინარე წელს მთლიანი წლის მოგების პროგნოზი უკვე მეორედ გაზარდა. აპრილში პროგნოზირებული $8.5-$10.5 მილიარდის ნაცვლად, მენეჯმენტი წლიურ კორექტირებულ საოპერაციო მოგებას $10-$11 მილიარდის ფარგლებში ელოდება.
კარგი შედეგების მიუხედავად, კომპანიამ გარკვეულწილად ზარალიც განიცადა. კერძოდ, ავტომწარმოებლის ფინანსურ შედეგებზე უარყოფითი გავლენა ორმა ფაქტორმა იქონია. ერთი უკავშირდება ტარიფებთან დაკავშირებულ ხარჯებს, რამაც Ford-ი ბოლო 1 წელიწადში $1 მილიარდით აზარალა. მეორე ფაქტორი კი სამხრეთკორეულ SK On-თან ელემენტების ერთობლივი საწარმოს გაჩერებას უკავშირდება, რასთან დაკავშირებული დანახარჯების გამოც, ბოლო კვარტალში Ford-მა $1.3 მილიარდის წმინდა ზარალი განიცადა.




























