ფორმულა ერთმა და “General Motors”-მა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც “Cadillac”-ის ბრენდი მე-11 გუნდად რბოლებს 2026 წლიდან დაემატება.
“Liberty Media”, რომელმაც ფორმულა 1 2017 წელს შეიძინა, დიდი ხანი გეგმავდა რბოლებში ახალი გუნდის დამატებას და რამდენიმე გამოკვეთილი ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა ამჯერად არჩევანი “Cadillac”-ზე შეჩერდა.
“ფორმულა 1-ის მუდმივი ზრდის გეგმებით აშშ-ში, ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით იმაზე, რომ ისეთი შთამბეჭდავი ამერიკული ბრენდი, როგორიცაა GM/Cadillac, რბოლებში დაგვემატებინა და ამასთან “Motors”-მა შეიძლება მომავალი ენერგიის ერთეულის მომწოდებლის როლი შეასრულოს, რაც დამატებით ღირებულებასა და ინტერესს შემოიტანს სპორტში” - განაცხადა “Liberty Media”-ს CEO-მ გრეგ მაფფეიმ.
ფორმულა 1-ს ყოველთვის სურდა ამერიკული ავტომწარმოებელი შემოეყვანა სპორტში, ვინაიდან აშშ ფინანსურად მოგებიანი ბაზარია თანაც ქვეყანაში წლიურად სამი რბოლა ტარდება, რაც იტალიასთან ერთად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათ შორის უკანასკნელად 2022-23 წლებში ორგანიზაციამ მაიამისა და ლას-ვეგასის გრან-პრი დაამატა. “General Motors”-ი თავდაპირველად “Ferrari”-ის ძრავას გამოიყენებს, სანამ “Cadillac”-ი თავად არ დაიწყებს 2028 წლიდან საკუთარი ძრავის წარმოებას.
ცნობისთვის, უკანასკნელად ფორმულა 1-ის მსხვილი გაფართოება 2010 წელს მოხდა, როდესაც რბოლებს “Lotus”, “Virgin Racing”, “HRT” და “Sauber” დაემატნენ.
ფორმულა 1-ისა და “General Motors”-ის შეთანხმების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.