იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ ბარსელონა-კატალონიის ავტოდრომზე საგზაო მოხმარებისთვის ადაპტირებული ახალი სარბოლო სუპერქარი 296 Challenge Stradale-ი წარადგინა.
მოდელი სარბოლო 296 Challenge Evo-ს ბაზაზე შეიქმნა და სტანდარტული 296GTB-ისგან განსხვავებით, არ აქვს ელექტროფიცირებული აგრეგატი. კომპანიამ ავტომობილიდან 5-კილოვატსაათიანი ბატარეა, უკანა ელექტროძრავა და მაღალი ძაბვის გაყვანილობა ამოიღო.
ამ ცვლილებამ, ტრანსმისიის დეტალების, კარდანის ლილვისა და ძრავის ხუფის შემსუბუქებასთან ერთად, სუპერქარის წონა 296GTB-სთან შედარებით 148 კილოგრამით შეამცირა. ავტომობილი 3.0-ლიტრიანი, ორმაგი ტურბოდაბერვის V6 ძრავით აღიჭურვა, რომელიც 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი სიმძლავრე საბაზისო მოდელთან შედარებით მაინც 149 ცხენის ძალით ნაკლებია.
რაც შეეხება აეროდინამიკას, 296 Challenge Stradale ვიზუალურად და კონსტრუქციულად სარბოლო 296 Challenge Evo-ს სტილს იმეორებს. ავტომობილს კარბონის უკანა ფრთა, წინა რეგულირებადი სპლიტერი, აეროდინამიკური ფრთაკედლები და ვენტილირებადი კაპოტი აქვს. კაპოტზე განთავსებული ორმაგი სავენტილაციო ჭრილები რადიატორებიდან გამოსულ ცხელ ჰაერს საქარე მინისკენ მიმართავს, რაც მოძრაობისას აეროდინამიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს.
ამას გარდა, სუპერქარს გლუვი ძირი, უკანა დიფუზორი, წინა ნაწილში სამი და უკანა ნაწილში ორი წყვილი ჰაერის ნაკადის გენერატორი აქვს.
ჰიბრიდული სისტემის ამოღებამ წონის ბალანსი 1.5%-ით წინ გადასწია და რეგენერაციული დამუხრუჭების ფუნქცია გააუქმა. ამის საკომპენსაციოდ, Ferrari-მ უკანა კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე დისკები და მათი გამაგრილებელი არხები გაზარდა, ხოლო დაკიდების სისტემის წყობა შეცვალა. ახალი საკიდარი ნახევრად აქტიური ამორტიზატორებითა და ორმაგი ზამბარებით აღიჭურვა, რაც მოსახვევებში ძარის გადახრას ამცირებს.
296 Speciale-სგან განსხვავებით, 296 Challenge Stradale შეზღუდული სერიით არ გამოვა და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს Ferrari-ს წინა მოდელების ფლობის ისტორიის გარეშე შეეძლება. იტალიის ბაზარზე ახალი სუპერქარის ფასი $320,000 იქნება, აშშ-ში მისი მიწოდება კი 2027 წლის მესამე კვარტალში დაიწყება.
























