2026 წლის მესამე კვარტალში იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ €1.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რამაც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ €1.89 მილიარდს გადააჭარბა.
SEG-ის მონაცემებით, კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე €2.44 ($2.77) შეადგინა, მაშინ როდესაც ბაზარი €2.37-ს ელოდა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების შემდეგ, სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა 2026 წლის სრული ფინანსური გეგმა გააუმჯობესა.
როგორც ირკვევა, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში Ferrari-მ ჯამში 10,170 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 318 ერთეულით ნაკლებია. მიწოდების კლება ძირითადად ამერიკის კონტინენტზე, ასევე ჩინეთის, ჰონკონგისა და ტაივანის ბაზრებზე შემცირებულმა მოთხოვნამ განაპირობა. თუმცა, გაყიდული ერთეულების კლების მიუხედავად, კომპანიის შემოსავალმა მომხმარებელთა მხრიდან პერსონალიზაციის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მოიმატა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, იტალიურმა ბრენდმა 2026 წლის მთლიანი ფინანსური პროგნოზი მიმდინარე წელს უკვე მეორედ გაზარდა. განახლებული გეგმით, წლიური შემოსავალი €7.6-ის ნაცვლად €7.65 მილიარდს მიაღწევს, კორექტირებული EBITDA კი €2.97 მილიარდიდან €3 მილიარდამდე გაიზრდება.
ამასთან, ერთ აქციაზე კორექტირებული მოგების მინიმალური ზღვარი €9.85-მდე იქნება, სამრეწველო თავისუფალი ფულადი ნაკადის პროგნოზი კი €1.65 მილიარდი გახდება.
Ferrari-ს წარმომადგენლების განმარტებით, მიღებული შეკვეთების პორტფელი უკვე 2028 წელსაც კი მოიცავს, წლის ბოლომდე კი ბაზარზე კიდევ ორი ახალი მოდელის გამოჩენა იგეგმება.
























