ვიდეო თამაშ Fortnite-ის მომხმარებელთა ჩართულობის (აქტივობის) შემცირების შემდეგ, Epic Games-ი 1 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. ეს არის მორიგი შემცირება ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში, სადაც ეკონომიკური გაურკვევლობის გამო, ზრდის ტემპი შეფერხდა.
კომპანია ასევე ელის, რომ 500 მილიონ დოლარს დაზოგავს კონტრაქტორებისა და მარკეტინგული ხარჯების შემცირებით, ასევე ზოგიერთი ღია ვაკანსიის გაუქმებით, - განაცხადა სამშაბათს აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ სუინიმ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.
"ჩვენ მნიშვნელოვნად მეტს ვხარჯავთ, ვიდრე გამოვიმუშავებთ, და კომპანიის დაფინანსების შესანარჩუნებლად სერიოზული შემცირებები უნდა განვახორციელოთ", - აღნიშნა მან.
ისეთი ბლოკბასტერული თამაშები, როგორიცაა Fortnite, პანდემიის შემდეგ მედეგი აღმოჩნდა და პოზიციები შეინარჩუნა იმ ფონზე, როცა ზრდის შენელებამ ყველაზე მსხვილი ფრენჩაიზების მიღმა მოთხოვნა შეამცირა. თუმცა, ახლა ჩართულობა იკლებს ასეთი თამაშებისთვისაც - განსაკუთრებით კი ე.წ. „ცოცხალი სერვისის“ (live-service) თამაშებისთვის, რომლებიც მოთამაშეების შესანარჩუნებლად ძვირად ღირებული ახალი კონტენტის მუდმივ ნაკადზე არიან დამოკიდებულნი.
"შემცირებები არ უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს", - აღნიშნა სუინიმ, იმ ინდუსტრიული შიშების ფონზე, რომ ტექნოლოგიამ შესაძლოა, დეველოპერები ჩაანაცვლოს.
თვის დასაწყისში Epic-მა Fortnite-ის შიდა ვალუტის ფასები გაზარდა, მიზეზად კი თამაშის ოპერირების გაზრდილი ხარჯები დაასახელა.
ეს Epic-ისთვის ბოლო სამ წელიწადში თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების მეორე დიდი ტალღაა. 2023 წლის სექტემბერში კომპანიამ მოგებიანობის გაზრდის მიზნით 830-მდე ადამიანი, ანუ პერსონალის დაახლოებით 16% გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, თანამშრომლების რა პროცენტს შეეხება სამშაბათის განცხადება.
გასულ თვეში Fortnite-ი PlayStation-სა და Xbox-ზე ყოველთვიური აქტიური მოთამაშეების რაოდენობით აშშ-ში ლიდერობდა, თუმცა თამაშში გატარებული საშუალო დრო მკვეთრად შემცირდა.




























