ბრაზილიაში, რომელიც ფორთოხლის უმსხვილესი ექსპორტიორია, უამინდობისა და გავრცელებული დაავადებების გამო, ფორთოხლის წვენზე ფასები რეკორდულ მაქსიმუმზეა, რის გამოც მწარმოებლები წვენის მოსამზადებლად ჩამნაცვლებელ ხილს ეძებენ და ასეთ ალტერნატივად მანდარინს განიხილავენ - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
ფორთოხლის წვენზე ფიუჩერსები (საქონლის შესასყიდად წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებები), რომლებიც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ფასების რყევებისგან იცავს, წარმატებით მუშაობდა 2022 წლის ბოლომდე - ვიდრე ფლორიდის შტატში ქარიშხალმა, შემდეგ კი უჩვეულოდ ცივმა ამინდმა, ფორთოხლის მოსავალი სრულად არ გაანადგურა, აშშ კი მსოფლიოში ფორთოხლის რიგით მეორე მწარმოებელია. თუმცა ინდუსტრიის მოთამაშეების აქცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც, მიმდინარე თვეს, ბრაზილიაში ფორთოხლის მოსავლის მკვეთრი შემცირების პროგნოზი გაჟღერდა.
FT-ის ინფორმაციით, კონცენტრირებული ფორთოხლის წვენზე ფიუჩერსები $4.92-დაა შეფასებული, თითქმის ორჯერ უფრო ძვირად, ვიდრე ერთი წლის წინ.
ხილისა და ბოსტნეულის წვენების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კის ქულსი Financial Times-თან აცხადებს, რომ ფორთოხლის კრიზისი დგას: “აქამდე ასეთი არაფერი გვინახავს, უფრო მასშტაბური ქარიშხლების და ყინვების დროსაც კი”.
მისივე თქმით, ფორთოხლის დეფიციტი, სავარაუდოდ, სამომხმარებლო ფასებზეც აისახება, რაც ფორთოხლის წვენის ინდუსტრიას გლობალური მასშტაბით შეცვლის. როგორც წესი, ცუდმოსავლიანობის პერიოდში, წვენის მწარმოებლები გაყინულ ფორთოხალს იყენებენ, რომლის შენახვის ვადაც 2 წლამდეა, თუმცა თუ მოსავლის დეფიციტი გახანგრძლივდება, გაყინული ფორთოხლის მარაგიც ამოიწურება.
ქულსი განმარტავს, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ფორთოხლების ჩანაცვლება მანდარინით შეიძლება, რომლის მცენარეც კლიმატის ცვლილებას უფრო უკეთ იტანს. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც პროდუქტს ნატურალურობას შეუნარჩუნებს.
მისივე თქმით, ასოციაცია ცვლილების შეტანას რეგულაციებშიც ცდილობდა. ინიციატივის თანახმად, სასმელში დასაშვები გახდებოდა სხვა ციტრუსების კონცენტრაციაც. თუმცა მსგავსი ინიციატივა საკანონმდებლო დონის ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის საკვები სტანდარტების კოდექსში და უფრო მასშტაბურ დონეზე - აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციაში.
ინდუსტრიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კლიმატური პირობები და გავრცელებული დაავადებები ფორთოხლის მოსავალზე გრძელვადიან ეფექტს იქონიებენ და ის შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. დეფიციტური პროდუქტისა და ფასების შესაძლო ზრდის მიუხედავად კი ფორთოხლის წვენზე მოთხოვნა არ მცირდება.
მეტიც, Statista-ზე დაყრდნობით, 2024 წელს ფორთოხლის წვენის ბაზრის კაპიტალიზაციამ $34.1 მილიარდს მიაღწია და წლიურ ჭრილში მისი 2.81%-იანი ზრდაა ნავარაუდები.