მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოსტის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა ისევ შეიცვალოს - საფოსტო ბიზნესი ლევან დავითაშვილს შეხვდა

საფოსტო გზავნილი

ფოსტის შესახებ კანონი 11 წლის შემდეგ ისევ განხილვის რეჟიმშია - ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესთან მორიგ შეხვედრას მართავს. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ლევან დავითაშვილმა მათი შენიშვნები მოისმინა და კანონპროექტის ბოლო რედაქცია სავარაუდოდ დარედაქტირდება.

FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ საფოსტო რეფორმის ბოლო რედაქციის მიხედვით, საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება, რაც ბაზარს აზიანებს. მისი თქმით, დოკუმენტში არსებობს ხარვეზები უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევ ოპერატორთან მიმართებითაც, რაც ასევე შესაცვლელია.

მენთეშაშვილი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილია და აცხადებს, რომ სამინისტრო კანონპროექტის დაკორექტირებული ვერსიით ბიზნესს უახლოეს პერიოდში უნდა დაუბრუნდეს.

“შენიშვნები ზუსტად იგივე გვქონდა რაც 10 წლის წინ, არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, კონსტრუქციული და საკმაოდ სწორი ხედვა აღმოაჩნდა ბატონ ლევანს [დავითაშვილს] სამინისტროს კანონპროექტთან დაკავშირებით. მინისტრს ჩვენი შენიშვნები ვუთხარით და გვითხრა, რომ ეს ყველაფერი სწორად გვაქვს დანახული, გადაამუშავებს სამინისტრო ამ პროექტს და დაგვიკავშირდებიან ახალი, რედაქტირებული ვერსიით.

ყველაზე მთავარი იყო ის, რომ 2005 წლიდან ეს სფერო არის ლიბერალიზებული, კანონპროექტი გვთავაზობდა ბაზრის რეგულაციას, რაც უპრეცედენტოა ყველა ევროპულ ქვეყანაში, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი, რომ სრულად ლიბერალიზებული ბაზრის რეგულაცია მოხდეს.

ასევე იყო უზუსტობები დოკუმენტში, რასაც მონოპოლიისკენ მივყავდით, მაგრამ სავარაუდოდ ესეც იქნა სწორად გაგებული ბატონი ლევანის მიერ და სავარაუდოდ ესეც ჩასწორდება,”- ამბობს FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები