მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთი-კონსტანცას საბორნე მარშრუტს მეოთხე კვარტალში შევუერთდებით - „პონტოს მერითაიმი“

649ee52aa02a8
ელენე გოგბერაშვილი
01.07.23 01:00
1169
ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო. 190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საგზაო მარშრუტს მოემსახურება. ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს.

ფოთსა და კონსტანცას შორის წლის ბოლოდან კიდევ ერთი ბორანი იმოძრავებს. ამჯერად კომპანია პონტოს მერითაიმი პროექტს კონსტანცას ერთ-ერთ ტერმინალთან პარტნიორობით განახორციელებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი პაატა დაიაური BM.GE-სთან აცხადებს, მათ პარტნიორს კონსტანცაში ინფრასტრუქტურაში 75 მილიონი დოლარი აქვს ინვესტირებული და ადგილზე ნავმისადგომსა და მულტიმოდალურ ტერმინალს აშენებს.


„ჩვენ დამოკიდებული ვართ კონსტანცაში პარტნიორ ტერმინალზე,რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამუშაოებში ინვესტიციას და რომელიც დასრულდება მეოთხე კვარტალში და ჩვენც მეოთხე კვარტალში შევუერთდებით ამ მარშრუტს.

დღესდღეობით სახმელეთო მარშრუტით თურქეთიდან ერთ მიმოსვლას ანუ ერთ ბრუნს მიახლოებით 21-24 დღე სჭირდება იდეალურ შემთხვევაში, თვეში ერთს ასწრებთ, საზღვაო მარშრუტით მოასწრებთ ორს და ეს უფრო იაფი იქნება. ცალსახად უფრო ნაკლები რისკებია გადამზიდავებისთვის, იმპორტიორ/ექსპორტიორებისთვის. მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ უკეთესად დაგეგმონ თავიანთი სტოკი, უფრო იაფად შემოიტანონ პროდუქცია. ასევე სტიმულები ექნებათ ექსპორტიორებს“,-აცხადებს პაატა დაიაური.

რა მოცულობის ინვესტიციას დებს პროექტში პონტოს მერითაიმი, ამაზე ჯერ კომპანიის ხელმძღვანელი არ საუბრობს, თუმცა მისი თქმით, რუმინელი პარტნიორებმა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 75 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

„75 მილიონის ინვესტიცია იდება ინფრასტრუქტურაში. ეს არის საბორნე ტერმინალი, ნავმისადგომი და მულტიმოდალური ტერმინალი“,-აცხადებს პაატა დაიაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები