მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტის გაფართოების დაწყების თარიღმა გადაიწია - APM

apm terminals ეიპიემ ტერმინალსი ფოთის პორტი

"მშენებლობის დაწყების თარიღმა 2023 წლის ბოლოს/2024 წლამდე გადაიწია" - „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ფოთის პორტის გაფართოებისთვის მშენებლობის დაწყების ახალ თარიღს ასახელებს.

„პროექტის მშენებლობის დაწყების თარიღმა 2023 წლის ბოლოს/2024 წლამდე გადაიწია, პროექტის მოსალოდნელი დასრულების თარიღი 2026 წლის პირველი კვარტალია“, - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში, რომელიც 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებას ერთვის და 2023 წლის 1 მაისს არის მომზადებული.

„კომპანიამ წარადგინა ამჟამინდელი ადგილიდან ჩრდილოეთით გაფართოების პროექტი. პროექტი მოიცავს დამატებითი, 1,800-მეტრიანი ტალღასაჭრელის, 400-მეტრიანი ნავმისადგომის და 25 ჰექტარი სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ზედ-სტრუქტურებით. გაფართოების პროექტი მიმართულია ორივე, ნაყარი და საკონტეინერო ტვირთებისკენ და საშუალებას მისცემს ნავსადგურს, მოემსახუროს 250 მ. საერთო სიგრძის და 13.5 მ. სიღრმის წყალშიგის მქონე გემებს. შედეგად ნავსადგურს საშუალება მიეცემა, რომ ინფრასტრუქტურის მაქსიმალური გამოყენებითა და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებით, რომელიც წაადგება ფოთსა და საქართველოს, მომხმარებელს შესთავაზოს უკეთესი ღირებულება უფრო დიდი გემების მიღებისა და უფრო სწრაფი ბრუნვის შეთავაზების შედეგად“, - ნათქვამია ანგარიშის სამომავალო გეგმების თავში.

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals Poti-ი, რომელიც დანიური "მაერსკის" შვილობილია, პორტის გაფართოებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს, რისთვისაც მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან მართავს, თუმცა მხარეები, როგორც ჩანს, ვერ თანხმდებიან.

პროექტთან დაკავშირებით 2023 წლის 4 ივლისს BMG-ის კითხვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც უპასუხა. მისი თქმით, საინვესტიციო შეთანხმების არაერთი "დრაფტი" იქნა სამინისტროს მხრიდან გადაგზავნილი, თუმცა მათზე საბოლოო დასტური კომპანიას ჯერ არ გაუცია და სახელმწიფო პორტის ოპერატორთან კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.

“კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები, უშუალოდ მე მაქვს წელიწად-ნახევარია. მანამდეც იყო არაერთი თვე მოლაპარაკება. მიწა პირველი დღიდან დღემდე არაა განხილვის საგანი. ჩვენ მათ მიწას ვაძლევთ. მაგრამ ამ მიწის გადაცემა იქნება იმ ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც მთავრობასთან უნდა გაფორმდეს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათ რაღაც სამუშაოები უკვე გასწიეს, როგორც იცით. გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის დასრულებული. მაგრამ იმისთვის, რათა მიიღონ მშენებლობის ნებართვა, მათ მთავრობასთან უნდა ჰქონდეთ შეთანხმება. ამისთვისაც მზად ვართ, გადაგზავნილი გვაქვს "დრაფტი" არაერთხელ და ველოდებით კომპანიის მხრიდან მკაფიო გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერჯერობით არ არის მიღებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ პოზიტიური იყო შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელსა და პრემიერს შორის წინა კვირის განმავლობაში. მათი მხრიდან სიტყვიერი მორიგი შეპირება და გეგმა გაფართოების და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ არსებობს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები