მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტმა 2023 წელს რეკორდული, 226 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

apm terminals ეიპიემ ტერმინალსი ფოთის პორტი

ფოთის პორტის ოპერატორმა APM Terminals-მა 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ფოთის პორტმა 226 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 24 მილიონი ლარით მეტია. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც რამაც გასულ წელს 113 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 19 მილიონით არის გაზრდილი.

ფოთის პორტის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მათი შემოსავლების მატება ძირითადად საკონტეინერო მომსახურებიდან შემოსავლების ზრდას უკავშირდება.

  • კონტეინერები და საერთო ტვირთი - 132.7 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 32 მლნ;
  • საზღვაო მომსახურება - 46.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 6 მლნ;
  • სახმელეთო და სასაწყობე მომსახურება - 22 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 0.2 მლნ;
  • საიჯარო შემოსავალი - 20.1 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 1.7 მლნ;
  • დამატებითი მომსახურება - 4.3 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 1.2 მლნ ლარი;

2023 წლის განმავლობაში პორტი სულ 592,589 კონტეინერს (TEU) მოემსახურა, რაც წლიურად 66%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. პორტი გასულ წელს მოემსახურა 731 გემს (რაოდენობა 2022-თან შედარებით შემცირებულია 84-ით), ხოლო ამ გემებზე არასაკონტეინერო ტვირთებმა 912,940 ტონა შეადგინა, რაც წლიურად 28%-ით არის შემცირებული.

"2023 წლის 24 ოქტომბერს კომპანიამ ხელი მოაწერა სესხის ხელშეკრულებას საბოლოო მაკონტროლებელ მხარესთან, A.P. Moller - Maersk A/S-თან. ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის
30 ოქტომბერს გაცემული იყო 25,000,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი წლიური პროცენტით 5.9% და დაფარვის ვადით 2024 წლის 31 იანვარი. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის საბალანსო ღირებულება იყო 67,920,000 ლარი. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, პროცენტი და ძირითადი თანხები გადასახდელია დაფარვის თარიღზე,"- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

APM Terminals-ის ანგარიშში ასევე საუბარია პორტის გაფართოების პროექტზე, რომელზეც პორტი უკვე არაერთი წელია აკეთებს განცხადებას, თუმცა მას ყოველწლიურად ავადებს. ამ დროისთვის სახელმწიფოსა და პორტს შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა და უცნობია თუ როდის შეიძლება გაფორმდეს შესაბამისი საინვესტიციო შეთანხმება. პროექტის ღირებულება არანაკლებ 170-180 მილიონ დოლარს შეადგენს.

ნავსადგურის მისწრაფების, გახდეს კავკასიის რეგიონის მთავარი კარიბჭე, მხარდასაჭერად კომპანიამ წარადგინა ამჟამინდელი ლოკაციის ჩრდილოეთით გაფართოების პროექტი. 1,800-მეტრიანი ტალღათსაჭრელის მშენებლობის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროექტი მოიცავს დამატებითი, 400-მეტრიანი ნავმისადგომის და 25 ჰექტარი სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ინფრასტრუქტურით.

გაფართოების პროექტი მიმართულია ორივე, ნაყარი და საკონტეინერო ტვირთებისკენ და საშუალებას მისცემს ნავსადგურს, მოემსახუროს 250 მ. საერთო სიგრძის და 13.5 მ. სიღრმის წყალშიგის მქონე გემებს. შედეგად ნავსადგურს საშუალება მიეცემა, რომ ინფრასტრუქტურის მაქსიმალური გამოყენებითა და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებით, რომელიც წაადგება ფოთსა და საქართველოს, მომხმარებელს შესთავაზოს უკეთესი ღირებულება უფრო დიდი გემების მიღებისა და უფრო სწრაფი ბრუნვის შეთავაზების შედეგად,"- ნათქვამია პორტის ფინანსურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები