საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ ამჟამად ფოთის პორტში მყოფი რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი OLGA სანქცირებულ ხომალდთა რიცხვს არ მიეკუთვნება. უწყება აცხადებს, რომ ხომალდმა ვერიფიცირებული სადაზღვევო დოკუმენტაციაც წარადგინა.
ნავთობპროდუქტებით დატვირთული ხომალდი ფოთის პორტში ნოვოროსიისკის პორტიდან შემოვიდა და მისი პროდუქცია (დიზელის საწვავი) სომხეთისთვის არის განკუთვნილი.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სანქცირებული გემი იმყოფება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ტანკერი „Olga“, რომელიც დაზღვეულია The American Club (USA) — American Steamship Owners Mutual Protection & Indemnity Association-ში და ამჟამად იმყოფება ფოთის საზღვაო ნავსადგურში, არ წარმოადგენს ევროკავშირის ან შეერთებული შტატების სანქციების ობიექტს.
რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ჩამოიტანა დიზელის საწვავი, რომლის საბოლოო დანიშნულებაა სომხეთის რესპუბლიკა.
ოპერაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო საზღვაო რეგულაციებისა და ყველა მოქმედი სანქციური რეჟიმის სრული გათვალისწინებით.
საწვავის ტრანზიტი მიმდინარეობს შესაბამისი უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და საბაჟო მოთხოვნების სრული დაცვით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით. უწყების განცხადებით, საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერაც, სანქციების თავიდან აცილების მიზნით.
"საქართველოს ნავსადგურებში შესვლამდე ნებისმიერი გემი წინასწარ თანხმდება შესაბამის სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან, რაც მიზნად ისახავს სანქცირებული გემების შესვლის თავიდან აცილებას საქართველოს ნავსადგურებში.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.




























