ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა პასუხობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, ტყებუჩავამ 17 ტონა საწვავი გახარჯა. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული რაოდენობით საწვავით ავტომობილი საშუალოდ 212,500 კილომეტრს გაივლიდა, რაც დედამიწის გარშემო ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია.
საჯარო განცხადებაში, რომელიც ტყებუჩავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, იგი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია „მანიპულაციურია“ და მიზნად ისახავს მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, პოლიტიკური დისკრედიტაციას.
მისი განცხადებით, საწვავის ხარჯვა სრულად წარმოებდა კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში და ეს ხარჯი არ ეხებოდა მხოლოდ მას პირადად, არამედ საკრებულოს აპარატის თანამშრომლების სამსახურებრივ საქმიანობასაც.
ტყებუჩავა, მანიპულაციაში სხვა მედია საშუალებებთან ერთად BM.GE-საც ასახელებს, მაშინ როცა მასალის გამოქვეყნებამდე უშედეგოდ ვცდილობდით კომენტარის მოპოვებას საკრებულოს აპარატიდან. პრესსამსახურმა ჩვენი კითხვა მოისმინა, რის შემდეგაც ზარებს და შეტყობინებას აღარ პასუხობდა.
ტყებუჩავას პოსტს BM.GE უცვლელად გთავაზობთ
"მინდა გამოვეხმაურო ,,ბიზნეს მედია bm.ge”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, ,,TV პირველისა“ და ,,მთავარი არხის“ მიერ ამ დღეებში გავრცელებულ სამარცხვინო და ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის მიზანი ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პოლიტიკური დისკრედიტაციაა.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადების მიხედვით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ 2021-2025 წლებში ,,17 ტონა ბენზინი“ დახარჯა.
ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ამ განცხადების მანიპულაციური ხასიათი მის სათაურშივე დევს, ხოლო რეალური სურათი შემდეგია: 17 ტონა საწვავი 2021-2025 წლებში, რომ გავყოთ შესაბამისი თვეების რაოდენობაზე, კანონით გამოყოფილი თვიური ლიმიტის ნახევარიც კი არ გამოდის.
საზოგადოებას დამატებით ვაცნობებ, რომ საწვავის ხარჯვა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, გამოყოფილი ასიგნებისა და ლიმიტის ფარგლებში, უფრო მეტიც, ყოველთვიურად იხარჯებოდა გამოყოფილ ლიმიტზე ნაკლები საწვავი, ამასთანავე საწვავის ხარჯი გაწეულია არამარტო საკრებულოს თავმჯდომარის, არამედ საკრებულოს აპარატის თანამშრომლების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
აქვე მინდა პასუხი გავცე ცრუ ,,TV პირველის“ სიუჟეტს, სადაც საუბარია პრემიებსა და დანამატებზე, მინდა აღვნიშნო, რომ დღიდან ჩემი თანამდებობაზე არჩევიდან არც ერთხელ ამიღია პრემია და დანამატი.
ამაზრზენია ამავე სიუჟეტში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასაქმებული მართლაც ღირსეული და პროფესიონალი ადამიანების ცინიკურ კონტექსტში მოხსენიება, რადგან სწორედ ამ ადამიანების გუნდური შრომის შედეგია ქალაქის მიმდინარე განვითარების ტემპი და ამ წინსვლის ყველაზე უტყუარი შეფასება ფოთელების უპრეცენდენტო მხარდაჭერაა, რომელიც მათ გამოხატეს 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი.
ზემოთხსენებული არგუმენტები ცხადს ხდის მედიის ამ სუბიექტების თაღლითური საქმიანობის სტილს, ისინი ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პატიოსან, გულწრფელ მაყურებელზე და ცრუ ბრალდებებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
მათ მიერ ნახსენები ციფრები იმდენად არაფრისმომცემია და დამახინჯებულად წარმოჩენილი კრებსით სტილში, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა ეს გასაკვირი არაა მაშინ, როდესაც ამას ,,მავანი“ დაგიკვეთავს. ჩემი არგუმენტები კი ცხადყოფს იმ დანაზოგებს, რაც გაწეულ იქნა დამტკიცებულ ლიმიტებთან შედარებით.
ფაქტების დამახინჯება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი მოსაზრებები და წინასწარ მომზადებული მავნე პოლიტიკური გეგმები მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას კონკრეტული პოლიტიკოსების ინტერესების სასარგებლოდ.
მინდა ვუთხრა იმათ ვის ინტერესებშიც არის ასეთი სიცრუის გავრცელება - პირადად მე არაფერი მაქვს დასამალი, ყველაფერი საჯაროა და საკრებულოს ყველა წევრის საქმიანობა გამჭვირვალეა. ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა კანონიერი ხარჯი კი გამართლებულია და გამოყენებულია სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად.
ამასთან, ვაცხადებ, რომ იგივე შემართებით და გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდთან ერთად ვაგრძელებთ ქალაქის აქტიურ განვითარებას.
P.S. რაც, თქვენ ,,გრანტიჭამიებს“ 2021-2025 წლების განმავლობაში სამშობლოს ღალატისთვის შავი ფული გაქვთ აღებული, ის მსოფლიოს ყველაზე უწყლო რეგიონს სასმელი წყლის პრობლემას გადაუჭრიდა... ალბათ ამიტომაც ,,ებრძოდით“ ნაცურად და აკაცუკურად გამჭვირვალობის კანონის მიღებას", - წერს საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესახებ. ანგარიშში მითითებული ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დახარჯული საწვავის ოდენობა და სხვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.




























