სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორუფციის პრევენციის მექანიზმების არარსებობა ქართულ საჯარო სექტორში სისტემური პრობლემაა - ამის შესახებ BMG-სთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, აუდიტის დასკვნები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის ნავთობისა და გაზის კორპორაციას ეხება, თითქმის იდენტურ სურათს აჩვენებს. როგორც ქევხიშვილი განმარტავს, პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტულ დარღვევებში, არამედ იმ შიდა მექანიზმების არარსებობაშია, რომლებმაც კორუფცია უნდა აღკვეთოს.
„ბიუჯეტის თანხებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მიიმართება, არავინ აკონტროლებს ისე, რომ კორუფციის ნიშნები გამოვლინდეს. არ არსებობს შიდა მექანიზმები რომ გააკონტროლოს ელემენტარული საკითხები - საწვავს ვინ ასხამს? ვის ეყოლება მანქანა და შეუძლია თუ არა მისი პირადი მიზნებისთვის გამოყენება? პრემია რატომ რიგდება? თანამშრომელი მართლა გვჭირდება, თუ ეს ვიღაცის დასაქმების საშუალებაა? აი, ამ პრობლემების პრევენციის მექანიზმები არ არსებობს“, - აცხადებს ქევხიშვილი.
მისივე თქმით, ეს ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალურ დონეზე და სახელმწიფო შპს-ებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ეს პრობლემა სისტემურია და არა მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების“.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან კორუფციაზე რეაგირება ხშირად არა სისტემურ ცვლილებებს, არამედ შიდაპარტიულ ინტერესებს ემსახურება.
„ჩვენი დასკვნით, ბოლო პერიოდში დაწყებული კორუფციული გამოძიებები უფრო მეტად ემსახურება „ქართული ოცნების“ შიდა გარჩევებს. გამოძიება გამოიყენება ახალი გუნდის მიერ ძველი გუნდის შევიწროებისთვის და არა რეალური კორუფციასთან ბრძოლისთვის. რეალური ბრძოლა იქნებოდა მექანიზმების შექმნა, რომ ეს პრობლემა არსად აღარ განმეორდეს, რისი ნიშნებიც არ ჩანს“.
რაც შეეხება თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლს, ქევხიშვილი აღნიშნავს, რომ უწყება, რომელიც აქამდე „დიაგნოზის დასმის საშუალებას“ იძლეოდა, ახლა საშიში ტრანსფორმაციის გზაზეა.
„აუდიტის სამსახურს, სამწუხაროდ, ჩააბარეს ის პოლიტიკურად უარყოფითად დატვირთული ფუნქციები, რაც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება არასამთავრობო სექტორის, მედიისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროებისთვის. ეს არის „რუსული კანონიდან“ დაწყებული სხვა ტიპის შემზღუდველი კანონები. ამ ფუნქციების შეზავება დააზიანებს აუდიტის სამსახურს და მას უფრო პოლიტიზებულს გახდის.
ახლანდელი უფროსი არის ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ფინანსური სანქციების ქვეშ არის ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. ამიტომ, იმის თქმა, რომ ეს არის არაპოლიტიკური, პროფესიული უწყება, სამწუხაროდ, ვეღარ ხერხდება. ამ უწყების რეპუტაცია შეილახა და ის გახდა პოლიტიკური რეპრესიების მექანიზმი. აქ კარგი მოლოდინი არ გვაქვს“, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 24 აპრილის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში 2022-2023 წლებში სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა ფინანსურ მართვასა და კონტროლში. მათ შორისაა დაუსაბუთებელი 7.18 მლნ ლარის პრემიები, თანამშრომლებზე არასაპატიო გაცდენების მიუხედავად გაცემული 140 ათასამდე ლარის ანაზღაურება, შტატგარეშე თანამშრომლების საქმიანობის აღურიცხაობა, არათანაბარი ხელფასები ერთსა და იმავე პოზიციებზე და სხვა.




























