„ნავთობის და გაზის კორპორაცია“ საქართველოში მოპოვებულ 10 000 ტონა ნედლ ნავთობს ყიდის. აუქციონზე გამოტანილი 10 000 ტონა ნედლი ნავთობის ღირებულება 'ბე”-ს და “საბანკო გარანტიის” მიზნებისთვის 8 სექტემბრისთვის S&P Global-ის მიერ გამოცხადებული ფასებით 7 286 967 დოლარად (19 039 388 ლარი) არის შეფასებული.
აუქციონზე გამოტანილია 2 მარკის Georgian Light -ის და Georgian Heavy-ს ტიპის ნავთობი. მათ შორის, Georgian Light ტიპის სავარაუდო მოცულობა შეადგენს 7 000 ტონას, ხოლო Georgian Heavy ტიპის სავარაუდო მოცულობა 3000 ტონას.
ერთი ნეტო ბარელი ნედლი ნავთობის საბოლოო ღირებულება გამოიანგარიშება დოლარში, აუქციონის პირობებში მოცემული ფორმულით. თავად აუქციონი კი, 18 სექტემბერს გაიმართება.
კორპორაციის მიერ აუქციონზე წარმოდგენილი „საწყისი დისკაუნტი“ ყოველ 1 ბარელ ნავთობზე შეადგენს 4,9 დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში (12.803 ლარი)
აუქციონის შედეგად უნდა დადგინდეს „საბოლოო ფასდაკლება, რომელიც აუქციონის დაწყებისას განსაზღვრული იქნება 0 ლარით და ვაჭრობის შედეგად გაიზრდება „ბიჯით“. აუქციონის დასრულების შემდეგ „საბოლოო ფასდაკლება გამოაკლდება „საწყის დისკაუნტს“ და მიღებული შედეგი იქნება „საბოლოო დისკაუნტი“
ბიჯი განსაზღვრულია 0,2 დოლარის ექვივალენტური ოდენობით ლარებში, „აუქციონის“ გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად და შეადგენს 0.523 ლარს.
"სააუქციონო ვაჭრობა იწყება „საწყისი ფასდაკლებით“ და გრძელდება „საწყისი ფასდაკლების“ 0.523 ლარის ბიჯით გაზრდით. იმ შემთხვევაში, თუ „აუქციონში“ მონაწილეობას მხოლოდ ერთი სუბიექტი მიიღებს, მას მოუწევს „საწყის ფასდაკლებაზე“ არანაკლებ ერთი ბიჯის დამატება, რაც შესაბამისად “საწყის დისკაუნტს” შეამცირებს" - ნათქვამია დოკუმენტაციაში.
პირობის მიხედვით, გამარჯვებულისთვის Georgian Light მარკის ნავთობის მიწოდება სართიჭალასა და გარდაბნის სოფელ გარჯვგებაში მდებარე ნავთობის შემკრებ პუნქტებში მოხდება. Georgian Heavy -ს ტიპის ნავთობის მიწოდება სართიჭალის, სუფსის, დედოფლისწყაროს, სოფელ გამარჯვებასა და სოფელ ნორიოში არსებული პუნქტებიდან მოხდება.
























