მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის დაპირებიდან უშედეგო აუქციონებამდე - რა აფერხებს წყალტუბოს განვითარებას?

წყალტუბო

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის გაყიდვის მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - აუქციონებზე არცერთი ობიექტი არ გაიყიდა. შედეგად, 2022 წელს დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 14 სანატორიუმიდან ამჟამად მხოლოდ ოთხია პრივატიზებული, დანარჩენებისთვის კი სახელმწიფო ინვესტორებს კვლავ ეძებს.

წყალტუბოს აღორძინება ჯერ კიდევ 2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით დააანონსა, თუმცა შვიდი წლის შემდეგ დაპირება კვლავ შეუსრულებელია. მოგვიანებით სახელმწიფომ კურორტის განვითარების ახალი პროგრამა დაიწყო, თუმცა დასახულ მიზნებს ვერც ამ პროგრამამ მიაღწია.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები კურორტის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მთავარ დაბრკოლებებად მაღალ საინვესტიციო ხარჯებს, არასაკმარის ტურისტულ მოთხოვნასა და განვითარების ერთიანი სტრატეგიის არარსებობას ასახელებენ.

რა ბედი ეწია წყალტუბოს აღორძინების მრავალწლიან გეგმებს, რა განხორციელდა რეალურად და რატომ ვერ მოხერხდა კურორტის სრულმასშტაბიანი განვითარება? – BMG-მ წყალტუბოს განვითარების ისტორია, სახელმწიფო პროგრამის შედეგები და ბიზნესის შეფასებები შეისწავლა.

წყალტუბოს რეაბილიტაციის პირველი გეგმა

წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დაიგეგმა. 2012 წლის სექტემბერში სააკაშვილმა „წყალტუბოს დიდი რეაბილიტაციის“ პროექტი დააანონსა, რომლის მიზანი ქალაქის ევროპული დონის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტად, ე.წ. ქართულ ბადენ-ბადენად გარდაქმნა იყო. გეგმა ითვალისწინებდა ქალაქის ინფრასტრუქტურის, სამკურნალო აბანოებისა და სასტუმროების რეაბილიტაციას. მაშინდელი ხელისუფლების განცხადებით, მსოფლიო ბანკის დაფინანსების გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 200 მილიონი ლარის გამოყოფაც იგეგმებოდა.

„ფაქტ-მეტრის“ კვლევის თანახმად, 1999 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე წყალტუბოში 21 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლებიც ძირითადად გზების, სკოლებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავდა.

2012 წლის ნოემბერში მსოფლიო ბანკმა იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტისთვის 37 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი მთლიანად წყალტუბოს არ ეხებოდა, თუმცა მის ფარგლებში კურორტზე ცენტრალური პარკის, „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიის, ქალაქის წრიული გზისა და რამდენიმე საზოგადოებრივი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღდგა №1 და №6 სამკურნალო აბანოები. 2015 წელს კი 5 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციით ახალი ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

მიუხედავად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, წყალტუბოს საერთაშორისო მნიშვნელობის სპა-კურორტად გარდაქმნის თავდაპირველი გეგმა ვერ განხორციელდა.

ბიძინა ივანიშვილის დაპირება - 22 სანატორიუმის და 9 აბანოს რეაბილიტაცია

2019 წლის 29 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინების ახალი პროექტი დააანონსა. მისი განცხადებით, სახელმწიფოს კურორტის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭირო რამდენიმე ასეული მილიონი ლარის რესურსი არ გააჩნდა, ამიტომ გადაწყვიტა, პროექტის განხორციელება საკუთარი სახსრებით დაეწყო.

„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს“, - აცხადებდა ივანიშვილი.

გეგმა წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმის და 9 აბანოს გამოსყიდვას, მათ სრულ რეაბილიტაციასა და თანამედროვე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტის განვითარებას ითვალისწინებდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ მზად იყო, პროექტის ნებისმიერ ეტაპზე ობიექტები დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის თვითღირებულებით ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გადაეცა. მისი პროგნოზით, კურორტის განვითარებას რეგიონში 15–20 ათასი ადამიანის დასაქმება უნდა მოჰყოლოდა. პროექტის განხორციელების კონკრეტული ვადა არ დასახელებულა.

დაპირებიდან შვიდი წლის განმავლობაში ივანიშვილს წყალტუბოში არცერთი სანატორიუმი არ გამოუსყიდია და საკუთარი სახსრებით მათი რეაბილიტაცია არ განუხორციელებია. 2022 წელს კი კურორტის განვითარების ახალი პროგრამა უკვე სახელმწიფომ წარადგინა, რომელმაც სანატორიუმების ერთიანი გამოსყიდვის ნაცვლად, მათი პრივატიზაციისა და კერძო ინვესტორების მოზიდვის გზა აირჩია.

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - ₾500-მილიონიანი გეგმა და პრივატიზაციის შედეგები

2022 წლის 5 ივლისს მთავრობამ წყალტუბოს განვითარების ახალი პროგრამა - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ წარადგინა. პროგრამა 14 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზაციას ითვალისწინებდა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენდა. კურორტის განვითარებისთვის დაახლოებით 500 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა იყო ნავარაუდევი.

მთავრობის გეგმის მიხედვით, წყალტუბოში 3 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო, ხოლო განთავსების ობიექტების საწოლფონდი 6 000-ზე მეტი ადგილით გაზრდილიყო. სახელმწიფო, თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავდა.

თუმცა პროგრამის განხორციელებას სირთულეები მოჰყვა. თავდაპირველად გასხვისებული შვიდი სანატორიუმიდან სამი -„მედეა“, „მეშახტე“ და „ცისკარი“ - საპრივატიზებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა.

2026 წლის ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში კერძო საკუთრებაში დარჩენილია ოთხი ყოფილი სანატორიუმი: „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. მათი ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 16 265 300 ლარია. არსებული ინფორმაციით, სანატორიუმ „თბილისის“ აღდგენის სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ოთხივე ობიექტზე რეალურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა და სამუშაოების დასრულების ვადები დასაზუსტებელია.

2026 წლის ოქტომბერში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დარჩენილი 10 ყოფილი სანატორიუმი ელექტრონულ აუქციონზე ხელახლა გამოიტანა. გასაყიდ ობიექტებს შორის იყო „რკინიგზელი“, „ინტურისტი“, „მედეა“, „სავანე“, „ფილიალი“, „აია“, „გელათი“, „იმერეთი“, „გეოლოგი“ და „მეგობრობა“.

ობიექტების ჯამური საწყისი საპრივატიზებო ფასი 49.2 მილიონი ლარი იყო, ხოლო ინვესტორებს მათი განვითარებისთვის არანაკლებ 314 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ, დღგ-ის გარეშე. საპრივატიზებო პირობებით, მყიდველებს ხუთი წლის განმავლობაში თანამედროვე სასტუმროების, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრების ან სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ევალებოდათ.

თუმცა 15 ოქტომბერს გამოცხადებული აუქციონები 13 ნოემბერს უშედეგოდ დასრულდა - ათი სანატორიუმიდან არცერთი არ გაიყიდა. შედეგად, 2022 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად გათვალისწინებული 14 ობიექტიდან ამჟამად მხოლოდ ოთხია პრივატიზებული, დანარჩენებისთვის კი სახელმწიფო ინვესტორების მოძიებას კვლავ ცდილობს.

რატომ ვერ ინტერესდება ბიზნესი წყალტუბოში ინვესტირებით?

წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების პრივატიზაციის სირთულეებზე ტურიზმისა და სასტუმროების სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ. მათი შეფასებით, მხოლოდ სანატორიუმების გაყიდვა და რეაბილიტაცია კურორტის განვითარებისთვის საკმარისი არ არის. მთავარ გამოწვევებს შორის მაღალი საინვესტიციო ხარჯები, ტურისტული მოთხოვნის ნაკლებობა და განვითარების ერთიანი სტრატეგიის არარსებობა სახელდება.

სასტუმროების ქსელ „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას შეფასებით, ერთი ყოფილი სანატორიუმის სრულ რეაბილიტაციას, ამუშავებასა და მარკეტინგს დაახლოებით 20–25 მლნ დოლარი სჭირდება. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არა იმდენად ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასია, რამდენადაც ასეთი ინვესტიციის ეკონომიკური გამართლება. კოკაია მიიჩნევს, რომ წყალტუბოში არსებული ტურისტული მოთხოვნა მსხვილი ინვესტიციების განხორციელებისთვის საკმარისი არ არის. მისი აზრით, აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი გეგმა, რომელიც ინფრასტრუქტურისა და სამკურნალო აბანოების აღდგენასთან ერთად კურორტის საერთაშორისო პოპულარიზაციასაც მოიცავს.

მსგავს მოსაზრებას გამოთქვამს წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი თეონა ქობულაძეც. მისი განცხადებით, მხოლოდ შენობების აღდგენა ეფექტიანი ვერ იქნება. წყალტუბოს, როგორც სპა და ველნეს კურორტს, სჭირდება ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია, დამატებითი ტურისტული სერვისები, გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. ქობულაძე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ტურისტული კომპანია Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე დამატებით პრობლემებად ყოფილი სანატორიუმების მძიმე მდგომარეობასა და საინვესტიციო გარემოს ასახელებს. მისი შეფასებით, მხოლოდ ტრადიციული სასტუმროების განვითარება ასეთი მასშტაბის ინვესტიციებს ვერ გაამართლებს. ერთ-ერთ ალტერნატივად ის წყალტუბოში მაღალშემოსავლიანი ტურისტული ბიზნესის, მათ შორის კაზინოებზე ორიენტირებული კურორტის განვითარებას განიხილავს.

რა გაკეთდა წყალტუბოში სახელმწიფოს დაფინანსებით და როგორ ხსნის პრემიერი ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას?

ბოლო წლებში წყალტუბოში სახელმწიფო დაფინანსებით რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის „ცივი ტბის“ რეაბილიტაცია და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობდა ქალაქის წყალარინების ქსელის მოწყობაც. დაგეგმილი იყო ახალი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონისა და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა.

სახელმწიფომ კერძო მესაკუთრისგან დაახლოებით 8 მილიონ დოლარად გამოისყიდა წყალტუბოს თერმული წყლის რესურსიც. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ წყლის კერძო საკუთრებაში ყოფნა კურორტის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო.

თუმცა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები განსხვავდება ბიძინა ივანიშვილის 2019 წლის დაპირებისგან, რომელიც სანატორიუმების და აბანოების საკუთარი სახსრებით გამოსყიდვასა და რეაბილიტაციას გულისხმობდა.

2026 წლის 20 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტის განუხორციელებლობა ჯერ კორონავირუსის პანდემიით, შემდეგ კი მის მიმართ მოქმედი ე.წ. დე ფაქტო სანქციებით ახსნა.

პრემიერის განცხადებით, 2020–2021 წლებში პროექტის განხორციელებას პანდემიამ შეუშალა ხელი, ხოლო 2022 წლიდან ივანიშვილის ფინანსური შესაძლებლობები დე ფაქტო სანქციებმა შეზღუდა.

ამასთან, კობახიძემ წყალტუბოს განვითარება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და განაცხადა, რომ ახალი აუქციონები კერძო ინვესტიციების მოზიდვის კარგ საფუძველს შექმნიდა. თუმცა პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე კვირაში აუქციონები უშედეგოდ დასრულდა - ათი სანატორიუმიდან არცერთი არ გაიყიდა.

ჯერჯერობით, უცნობია, კიდევ როდის და რა ფორმით გამოიტანს მთავრობა წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმებს გასაყიდად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები