ფოთის ტერმინალი შუა დერეფნის ნაწილი გახდა. როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური საინვესტიციო კომპანიათა ყაზახური ჯგუფი - PTC Holding იტყობინება, ბაქოში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) საერთაშორისო ასოციაციის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში Poti TransTerminal JSC ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციას, როგორც წევრი. გადაწყვეტილება ასოციაციის წევრების ხმის მიცემის შედეგად გადაწყდა.
ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ევროპას აერთიანებს და წარმოადგენს ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალისა და სუეცის არხის ალტერნატიულ მარშრუტს. TITR-ის ასოციაცია 2016 წელს შეიქმნა და ის აერთიანებს სარკინიგზო, საზღვაო და ლოგისტიკურ კომპანიებს მის წევრ ქვეყნებში. მათ შორისაა საქართველოს რკინიგზაც. ასოციაციას 20-ზე მეტი წევრი ჰყავს. ასოციაციის მთავარი მიზანი მარშრუტის განვითარება, ლოგისტიკის ოპტიმიზაცია და ტვირთების ნაკადების მოზიდვაა დერეფანში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შემდეგ ყაზახური PTC Holding-ი ფოთის პორტში ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც უნდა აშენდეს მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი, რაც წელიწადში 80 000 TEU მოცულობის ტვირთის გატარებას შეძლებს. ჯამური ინვესტიცია 30 მლნ აშშ დოლარია.