მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თიზ-ში ₾50 მლნ უზბეკური ინვესტიციით მულტიფუნქციური ტერმინალი შენდება

დავით ებრალიძე

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით, 29 ჰა ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალი შენდება.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ფოთის თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ განაცხადა, უზბეკურ ჯგუფთან, რომლის ვინაობის დასახელებისგან ჯერ თავს იკავებს, მოლაპარაკებები 1 წელი მიმდინარეობდა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, ₾50 მილიონია და ჯამურად, 80-100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.

„პროექტი რამდენიმე ფაზად განხორციელდება - პირველ ფაზის ფარგლებში მოეწყობა 1000 ტონა ტევადობის გაყინული პროდუქტის საწყობი, მეორე ეტაპზე - 5000 კვ.მ გენერალური ტვირთების დახურულ საწყობი, მესამე ფაზის ფარგლებში კი 8000 კვ.მ ფართობის ნაყარი ტვირთების დახურული საწყობი და ასევე, არაგაბარიტული და საკონტეინერო ტვირთების ტერმინალი. ამჟამად უკვე ჩატარებულია ტოპო/გეოდეზიური სამუშაოები; მომზადების ფაზაშია პროექტის გენერალური სქემა და შესაბამისი საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაცია. ასევე, მზადდება საინჟინრო/გეოლოგიური კვლევა“, - განაცხადა თიზ-ის დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ სამუშაოებს ადგილობრივი ქართული კონტრაქტორი/კომპანიები ასრულებენ.

დავით ებრალიძის თქმითვე, სასაწყობე ტერმინალში ტვირთები ძირითადად შემოვა უზბეკეთიდან და ექსპორტზე გავა ევროპაში. ასევე, უკუმიმართულებითაც, ევროპული საქონელი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ძირითადად, უზბეკეთში გაიგზავნება.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში 2009 წლიდან ოპერირებს. ზონის 75%-იან წილს ჩინური ენერგოკომპანია CEFC China Energy ფლობს, რომელსაც 2018 წლიდან წილის მართვის უფლება გადაცემული აქვს Smart Capital Group-სთვის. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 300 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს, საიდანაც ჯერ 30%-ია ათვისებული. დავით ებრალიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის თიზ-ში 120 აქტიური კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები