ფოთის განაშენიანების ახალ გენერალურ და განაშენიანების გეგმაზე, ასევე, მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის რევიზიას და განახლებაზე ამხანაგობა „სითი სტუდია 9“ იმუშავებს. ამხანაგობა, რომელშიც შედიან არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“ და ა(ა)იპ "სითი ინსტიტუტი საქართველო", აღნიშნულ სამ დოკუმენტზე ერთი წლის განმავლობაში 2,3 მლნ ლარად იმუშავებს.
“სითი ინსტიტუტ საქართველოს” ხელმძღვანელის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, ფოთის გენგეგმასა და განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას შეეცდებიან შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საპორტო ქალაქს მისცემს საშუალებას გახდეს უფრო მეტად მძლავრი მიზიდულობის ცენტრი.
“ფოთის გენგეგმის განახლება საჭირო გახდა იმიტომ, რომ ქალაქში ახალი გამოწვევებია, ახალი რეალობებია, ინვესტიციებთან დაკავშირებით უნდათ, რომ ქალაქი გააქტიურდეს, დივერსიფიკაცია მოხდეს და მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდეს. ფოთმა, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერჯერობით ვერ შეძლო, რომ მძლავრი მიზიდულობის ცენტრი გამხდარიყო. ქალაქს უფრო ქმედითი გენერალური გეგმა და განაშენიანების გეგმა სჭირდება, რომელიც ამის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მალთაყვის პოტენციალის გათვალისწინებაც, რომელიც ასევე ვერ არის ათვისებული, რაც მამუკა სალუქვაძის მოსაზრებით, ინვესტიციების მოზიდვისთვის იქნება ხელსაყრელი.
„ფოთში შესაძლებელია კარგი რეკრეაციული გარემოს ჩამოყალიბება, რისთვისაც მალთაყვა ერთ-ერთი ყველაზე კარგი არეალია. იქ შეიძლება სპორტულ-გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. ამის ამბიცია გვაქვს. ვფიქრობთ, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკთან, პალიასტომთან ერთად, ეს არეალიც კარგ ტურისტულ ატრაქციად შეიძლება იქცეს“, - აღნიშნა „სითი ინსტიტუტ საქართველოს” ხელმძღვანელმა.
მამუკა სალუქვაძის თქმით, ფოთის გენგეგმაზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქალაქის ეკოლოგიური გამოწვევები. „ჩვენ უნდა ვნახოთ კვლევებით, რის საშუალება მოგვეცემა. პირველ რიგში, ყურადღება ნაპირსამაგრ და ნაპირდაცვით საკითხებს უნდა მიექცეს. ფოთში წლების განმავლობაში სანაპირო ტერიტორიებს იტაცებს ზღვა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს, როგორ შეიძლება ამ ტერიტორიების დაცვა“, - დასძინა მან.




























